დღეს განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მათ შეასრულეს საშინაო დავალება, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა კოპენჰაგენში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს.
“უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
