უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სიტუაცია შემდეგია – აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. ნატო-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ნატო-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა „ძალიან წარმატებული“ იყო.
აშშ-ის პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მარკ რუტემ უპასუხა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე დაითანხმა.
„პრეზიდენტ ტრამპის გარეშე პუტინთან ამ ჩიხიდან გამოსვლა არ მოხდებოდა. ის ერთადერთია, ვინც ამის გაკეთება შეძლო. ის ზეწოლას ახდენს, მაგრამ ამავდროულად ამის მოსაგვარებლად შესაბამის გზებს ეძებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
