ვცდილობთ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს უკრაინის მომავალი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, – აღნიშნა რუბიომ.
კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია მშვიდობის პერსპექტივაში, რუბიომ უპასუხა :
„რთულია ამ საკითხზე დარწმუნების დონის განსაზღვრა, რადგან საბოლოო ჯამში, რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს. პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა. მხოლოდ პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო, თუმცა, უკრაინის საკითხზე კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის. ამასთან, მისი თქმით ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ ისინი განხილვას საჭიროებს.




