“[მარკო რუბიოსთვის გაგზავნილი სია] ადასტურებს, რომ მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი კონიუნქტურულად არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან”,- ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე ინფორმაციას, რომ კონგრესი აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 25 პირის სანქცირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ლევან კობერიძე “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, სიაში ხვდება ბიზნესმენთა ის ნაწილი, რომლებიც, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებში შედიან ხელისუფლებასთან.
“თვითონ [სიის გაგზავნის] ფაქტი თავისთავად ადასტურებს, რომ აშშ-ში პოლიტიკური გავლენიანი წრეები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება, რომლის ქმედებებიც მათ არ მოსწონთ, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა მსხვილ ბიზნესს, რომლის წინააღმდეგაც სურს, სანქციები შემოიღოს.
დასანქცირების წინასწარი სია განიხილება, რომ ეს არის ის ბიზნესი, რომელიც ფულს, სავარაუდოდ, ხელისუფლებისგან შოულობს, კორუფციული გარიგებების გზით და ამ ფულს, ალბათ, მასვე უბრუნებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რა ფულზე და კავშირზეა საუბარი. სავარაუდოდ, ეს არის შავი ფული, მე ასე წარმომდგენია.
ჩვენთა არ არის მსხვილი ბიზნესი ისეთი, რომ მომხმარებელი მიჰყვებოდეს მას, მის პოლიტიკურ განცხადებებს იზიარებდეს ბრენდის გამო… ეს გავლენა და ძალა ასე არაა მომხმარებელთან. ამიტომ, რა უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას მისგან? გარკვეული გარიგებები, რომლებიც შავ ფულად გარდაიქმნება. ვფიქრობ, ასეთი სიების გამოჩენა ალბათ სწორედ ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს და საინტერესოა, რა ნიშნით მოხდება დასანქცირება”, – აღნიშნავს ლევან კობერიძე.
ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ სიაში შემავალ პირებს არ დაასანქცირებს, თავად სიის შედგენის ფაქტი საზოგადოებას აჩვენებს, რომ ბიზნესმენთა ნაწილი სახელმწიფო რესურსებზეა დამოკიდებული.
“სააშკარაოზე გამოიტანა ეს თემატიკა. მსხვილ ბიზნესს, რომელიც აქამდე იყო დაკავშირებული მთავრობასთან, ბიზნესს ვერ დავარქმევდი – ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი რესურსის ხარჯზე გარკვეულ გარიგებებში შესვლა და, სახელმწიფო რესურსის იაფად ხელში ჩაგდებით, ფულის შოვნა – ეს უფრო ეკუთვნის ბევრ ე.წ. ბიზნესმენს. ეს გამოავლინა ამ ფაქტმა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესებად მოიხსენიებოდნენ, ქვეყნის რესურსით შოულობენ ფულს”, – ამბობს ლევან კობერიძე.
კობერიძე აღნიშნავს, რომ სიაში მოხვედრილი ბიზნესმენების დასანქცირება არა მხოლოდ მათთვის იქნება დამაზიანებელი, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზეც აისახება: “სანქციები ქართული ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის, რეპუტაციულად დამაზიანებელია, მარტო მას არ ეხებათ. როგორც კი ასეთი მაღალი ტრიბუნებიდან გაისმის სანქციების ექო, ეს აისახება მომენტალურად საინვესტიციო გარემოზე, განწყობებზე… განწყობები თუ ნეგატივისკენ იცვლება, საქართველოში სხვას ვის მოუნდება შემოსვლა?”,- თქვა კობერიძემ.
“რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
ამავე წერილში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, რომლებიც, წერილზე ხელმომწერთა თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
წყარო: bm.ge