ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, თუმცა საერთო მონაცემით სტაბილურ ბაზარზე ნომერ პირველ საექსპორტო ქვეყანასთან შედარებით ქართული ღვინის წილი მნიშვნელოვნად მცირეა.
წელს სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2024 წელთან შედარებით 1.4 მილიონით მეტს, 17.4 მილიონ ლარს დახარჯავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია “მხოლოდ კარგი ღვინოების” დამფუძნებელი გვიხსნის, რომ სააგენტომ ევროპის ბაზარზე მუშაობის სტრატეგია უნდა შეცვალოს. ვასილ მანაგაძის შეფასებით, დროა მარკეტინგიდან გაყიდვების სტიმულირებაზე გადავერთოთ.
“სახელმწიფომ ხარისხის კონტროლი უნდა უზრუნველყოს, რასაც სუპერმარკეტებში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ვგულისხმობ სტაბილურ ხარისხს. იმისთვის, რომ ერთგვაროვანი ქსელი გაავსონ, ეს ძალიან დიდ რაოდენობას მოითხოვს, რისთვისაც ჩვენი მწარმოებლები ხშირად მზად არ არიან. სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია, რომ კარები გაუღოს ინდმეწარმეებს, რომ ჩვენი ღვინო რესტორნების, სასტუმროებისა და ბუტიკური გაყიდვებისა, რომელიც რაოდენობაში სამწუხაროდ არ აისახება ჩვენი მოხვდეს ქსელურ მარკეტებში, სადაც გლობალური კონკურენციაა. ჩვენი ხარისხიდან, სახელიდან გამომდინარე ამ კონკურენციის არ მეშინია, მთავარია დახლამდე მივიდეს პროდუქცია.
ვფიქრობ, რომ უნდა გააქტიურდეს მუშაობა გაყიდვების მიმართულებით. მარკეტინგი კარგია, მაგრამ ეს არ არის გაყიდვები. ვფიქრობ, რომ უკვე ის მომენტი დადგა რომ უშუალოდ გაყიდვებში ჩაერთოს სახელმწიფო და ისეთი კომპანიები დაიქირაოს, ვინც გაყიდვებზე არის მომართული და ვისაც სარგებელი ექნება გაყიდვებიდან გამომდინარე და არა გენერალური კონტრაქტი, რაც მარკეტინგულ გამოფენებში მონაწილეობას გულისხმობს. გაყიდვებში პროაქტიური უნდა ვიყოთ ,” – ამბობს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია “მხოლოდ კარგი ღვინოების” დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე.
