საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.
– ქალბატონო მარინა, 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილის 36-ე აღნიშვნის ღონისძიებებმაც ჩაიარა, მაგრამ, წელს პირველად ვნახეთ რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ტრაგიკული და ისტორიული დღე, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად და ცალ-ცალკე აღნიშნეს. ასეთი რამ მანამდე არც ყოფილა.
წლევანდელი 36-ე 9 აპრილი იმ თვალსაზრისით იყო უცნაური, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 1989 წლის 9 აპრილს „უცხო ძალებმა“ განახორციელეს მოქალაქეებზე ძალადობა.
პრემიერის გავრცელებულ ტექსტში „უცხო ძალები“ 4 ჯერ არის ნახსენები და არც ერთხელ არ იყო დაზუსტებული რომ სსრკ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 1989 წლის 9 აპრილს თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამხედრო ძალები და სპეცრაზმი იყო გამოყენებული.
ამ თემაზე ბევრი მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ ჩვენი საუბრის დაწყება ამ თემით მაინც ღირს, რადგან სხვა სასაუბრო თემები აშკარად უკავშირდება თუნდაც 9 აპრილის თემას.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ვითარებაში 2025 წლის 9 აპრილის აღნიშვნამ?
– ამ თემაზე პრემიერის განცხადება მე წავიკითხე და ტვ-თი არ მომისმენია. 9 აპრილის თემაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება თავიდან ბოლომდე არის ხელოვნურად შექმნილი, რომელიც არავინ არ იცის რა მტკიცებულებას ეფუძნება.
ამის მარტივი მიზეზი არის ასეთი – როდესაც ვიყენებთ ტერმინს „უცხო ძალა“, ვგულისხმობთ ქვეყნისათვის უცხო ძალას, არადა მაშინ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა. სსრკ-ს თავს არავინ დასხმია. სსრკ-ს უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მომიტინგეები დაეშალა. 1989 წლის 9 აპრილს სსრკ-ს უმაღლესი პირების გადაწყვეტილებით მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა საქართველოში, რომლებიც ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, რისი მოთხოვნის უფლება მათ კონსტიტუციით ჰქონდათ და ეს მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმური იყო.
1991 წლის ბოლოს, როდესაც სსრკ დაიშალა და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი გახდა, სხვათა შორის, თავისი ჰიმნიანად წაიღო ყველაფერი, რაც სსრკ-ს ეკუთვნოდა. რუსეთი როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას თბილისში მომიტინგეთა დარბევასა და მკვლელობაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი.
ამიტომ ტერმინის „უცხო ძალის“ გამოყენება ნონსენსია როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით.
1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას თბილისში მომიტინგეთა დარბევასა და მკვლელობაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი. ამიტომ ტერმინის „უცხო ძალის“ გამოყენება ნონსენსია როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით
რუსეთს ჰქონდა სსრკ-ს 14 რესპუბლიკაში რეპრესიული ძალაუფლების გამოყენების უფლება და ეს იყო მათი პასუხისმგებლობა. მე როგორც ისტორიიდან მახსოვს, თავისი ნებით რუსეთს არც ერთი ქვეყანა არ შეერთებია. არც სსრკ შექმნილა მასში გაერთიანებული ერების ნების საფუძველზე. რუსეთი იყო რეპრესიული სახელმწიფო და მას რეპრესიის განხორციელების ინსტიტუტები ჰქონდა.
ამიტომ, ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას ოპოზიციის ნათქვამს ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როცა კვლავ ძალაშია ლოზუნგები – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!, პრემიერი კობახიძე უსირცხვილოდ ტყუის, და ცდილობს თვალში ნაცარი შეაყაროს იმ ხალხს, რომლებიც 1989 წელს სრულწლოვნები იყვნენ და კარგად ახსოვთ თუ რა მოხდა მაშინ რუსთაველის გამზირზე მთავრობის შენობის წინ.
9 აპრილის თემაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი, დემაგოგია, პროპაგანდა, სიცრუე და უზნეობა
ვინც მაშინ სრულწლოვანი იყო, ახლა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენენ და მათ კარგად ახსოვთ რაც მოხდა მაშინ 9 აპრილს. 9 აპრილის თემაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი, დემაგოგია, პროპაგანდა, სიცრუე და უზნეობა.
მე რამდენადაც მახსოვს ამ განცხადების ავტორის ოჯახის წევრი, კერძოდ მამა, 9 აპრილს იქ იდგა. მაინტერესებს მამამისიც თვლის რომ მაშინ თბილისში „უცხო ძალა“ შემოვიდა? როგორც მახსოვს, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის წევრიც იგი იყო, ამგვარი განცხადება მაშინ არ გაუკეთებია.
– იურისტების უმრავლესობის აზრით, „ქართული ოცნება“ ისეთ კანონებს იღებს, რომ მათი მიღება პრობლემურს ხდის ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობას. ეს კანონები გათვლილია პოლიტიკური აქტივიზმის დასჯაზე.
„ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობს „ნაცმოძრაობისა“ და მათთან აფილირებულ პარტიების, რომლებსაც ისინი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისედაც კარგა ხანია ეძახიან, აკრძალვაზე.
30 წელზე მეტია საქართველოს დამოუკიდებლობა აქვს აღდგენილი და ამდენი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ბოლო წლებია გვესმის, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოგვედგინა, მაგრამ ეს რომ რეალობაა, ფაქტია.
ბევრი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დაადგა ავტოკრატიულ, პოლიციურ მმართველობას. მეტიც, ზოგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობით ქვეყანაში ტოტალიტარიზმი ფორმდება. ხელისუფლების ნაბიჯები საკმაოდ ხისტი რომაა, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დაკავებული არიან და მათ საქმეებს, პრაქტიკულად, 50-ზე მეტი ახალგაზრდის საქმეებს სასამართლო განიხილავს. მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მხოლოდ პოლიციელები ადასტურებენ და ისიც საკმაოზე მეტად უზუსტოდაც.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკას, რომელიც, როგორც თავად ამბობენ ებრძვიან დიფ სთეითს, გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც საქართველოში ყველაფერი ბრალდება და მათთან თანამშობლობაში მყოფ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას „აგენტებს“ ეძახის?
– პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა საქართველოში ხელისუფლებაშია, ახდენს მის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას. იშორებს ყველასა და ყველაფერს, ინსტიტუციებს და ინდივიდებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ერთი მცირე ჯგუფის ხელში ძალაუფლების თავმოყრას. ყველა თვალსაზრისით, ეს იქნება საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ინსტიტუტები. ასეთ შემთხვევაში ყველანი გამოცხადებულები არიან მტრად.
იმისათვის, რომ მტრის არსებობა „კანონის ფარგლებში“ მოაქციონ ის, რაც კონსტიტუციაში წერია, ახდენენ იმის დასაბუთებასა და გამართლებას. მე „ქართული ოცნების მმართველობას ავტოკრატიულ მმართველობას დავარქმევდი“.
პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა საქართველოში ხელისუფლებაშია, ახდენს მის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას. იშორებს ყველასა და ყველაფერს, ინსტიტუციებს და ინდივიდებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ერთი მცირე ჯგუფის ხელში ძალაუფლების თავმოყრას
ავტორიტარიზმია, როცა ერთ ადამიანის ქვეშ ერთიანდება ძალაუფლება, ძალაუფლება სახელისუფლებო შტოებს შორის გადანაწილებული არაა, პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო 5 %-იანი ბარიერი 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, საარჩევნო ბარიერი მაქსიმუმ 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ძალიან ხშირად აღარც კი გვესმის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.
ახლა ხელისუფლება დიფ სთეითს ანაცვლებს გლობალური ომის პარტიით. არადა ვერავინ გაიგო ეს გლობალური ომის პარტია რა არის. ეს ვერ გაიგეს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ხატი, უფრო სწორად შიშის მომგვრელი ხატი, რომელიც ყველა ადამიანს ეუბნება – ჩვენ სიცოცხლის საფრთხე გვიდგას.
ეს გახლავთ წმინდა პროპაგანდისტული მეთოდი, რომლითაც მოქმედებენ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დაუცველები. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვალობაზე დაუცველ ადამიანებს ხელში აჩეჩებ იმას, რაც ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევა – სიცოცხლის უფლებაა.
ახლა როცა გლობალური ომის პარტიის თემა აღარ მუშაობს, „ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობს დიფ სთეითი-ის თემაზე, რომელსაც თურმე აშშ-ს პრეზიდენტიც ვერ ერევა. ამის მტკიცების მარტივი მიზეზი გახლავთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოძებნა საშუალება და ხერხი ელაპარაკოს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას.
ახლა როცა გლობალური ომის პარტიის თემა აღარ მუშაობს, „ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობს დიფ სთეითი-ის თემაზე, რომელსაც თურმე აშშ-ს პრეზიდენტიც ვერ ერევა. ამის მტკიცების მარტივი მიზეზი გახლავთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოძებნა საშუალება და ხერხი ელაპარაკოს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას
ეს არის იდეოლოგიზებული მცირე ჯგუფის დაფუძნებული და გამოყენებული მეთოდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმატებით ახორციელებს თავის თავზე დაქვემდებარებულ და მასთან აფილირებული მედიების საშუალებით.
ამგვარი განცხადებებით „ქართული ოცნება“ აკეთებს შეზღუდვებს, რომლითაც პრაქტიკულად უგულებელყოფს კონსტიტუციაში ჩაწერილ ადამიანის უფლებებს, რომლებსაც ჩვენი სოციალური სახელმწიფო საქართველო, ამის მტკიცება ხომ საერთოდ ცინიზმია, იცავს.
საქმე გვაქვს ერთი მცირე ჯგუფის ძალაუფლების კონსოლიდირებასთან, ყველა სხვა დიდი ჯგუფის უფლებების უგულველსაყოფად. ისინი ჩაატარებენ სადამსჯელო ოპერაციასაც, მერე იტყვიან, სასამართლომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ დგება მარტივი კითხვა – რამდენად ლეგიტიმურია პარლამენტი, რომელიც არ ატარებს წარმომადგენლობით ხასიათს და ერთი პარტიის ქვეშ პარლამენტში გასული დეპუტატები იღებენ გადაწყვეტილებას იმ 46 % აზრის გაუთვალისწინებლად, რომლებმაც ხმა სხვა პარტიის წარმომადგენლებს მისცეს და ისინი პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
საქმე გვაქვს ერთი მცირე ჯგუფის ძალაუფლების კონსოლიდირებასთან, ყველა სხვა დიდი ჯგუფის უფლებების უგულველსაყოფად
რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ამ მცირე ჯგუფს, უნდა ჰყავდეს სამხედრო ძალა, ძალოვანი სტრუქტურები, სხვათა შორის, თავდაცვის სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ტოტალიტარული სისტემის უსაფრთხოებას. ამ ვითარებამდე ჩვენ ჯერ არ მივსულვართ და ამის რესურსი ქვეყანაში არც არსებობს. ავტორიტარიზმის რესურსი სახეზეა, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაფუძნება ხდება და საქართველო იზოლაციონიზმის პოლიტიკაში ექცევა.
ავტორიტარიზმის რესურსი სახეზეა, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაფუძნება ხდება და საქართველო იზოლაციონიზმის პოლიტიკაში ექცევა
ანუ, ეს არის ქვეყანა, რომლის მმართველები არიან მდიდრები, რომლებსაც არ აინტერესებთ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ მეტ შემოსავალს მოუტანს.
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-თან, ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე ევროპის წამყვან ქვეყნებთან, კარგია რომ ურთიერთობებს ვაღრმავებთ ახლო მეზობლებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. მაგრამ, ხელისუფლების ოპონენტების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „წარმატებით ახერხებს“ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას.
თქვენც თვლით რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ერთმნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი?
– ქვეყანას რეალურად აქვს შეცვლილი საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამის დანახვა მარტივია და ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული, ეს სრულიად შეგნებულად გაკეთებული. ამისი მიზეზი გახლავთ ის, რომ ავტოკრატიას აინტერესებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სამივე ინსტიტუტი – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები უნდა იყოს მოქცეული ერთ ხელში.
ქვეყანას რეალურად აქვს შეცვლილი საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამის დანახვა მარტივია და ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული, ეს სრულიად შეგნებულად გაკეთებული
ევროპასთან ინტეგრაცია გულისხმობს ევროკავშირის წესების მიხედვით ძალაუფლების დანაწილებას. ჩვენ საგარეო ორიენტაცია იმის გამო გვაქვს შეცვლილი, რომ ეს არ შედის მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ინტერესებში. ეს ძალიან მარტივი მიზეზია და ამას არ სჭირდება იმის მიწერა, რომ ვიღაც დავალებას ასრულებს. თუმცა, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს.
მაგრამ, ახლა „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლო ინტერესია ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ, ახლა საქართველოში ევროპული ინსტიტუტების მშენებლობა მმართველი ძალისთვის ხელის შემშლელი გარემოებაა.
ევროპასთან ინტეგრაცია გულისხმობს ევროკავშირის წესების მიხედვით ძალაუფლების დანაწილებას. ჩვენ საგარეო ორიენტაცია იმის გამო გვაქვს შეცვლილი, რომ ეს არ შედის მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ინტერესებში. ეს ძალიან მარტივი მიზეზია და ამას არ სჭირდება იმის მიწერა, რომ ვიღაც დავალებას ასრულებს. თუმცა, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს
– როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობას აფასებენ, ხშირად გაიგონებთ ამგვარ მტკიცებებს – „ხელისუფლება აგონიაშია“, „დაბნეულია“, „გუნდში განხეთქილებაა“, „ბოდავენ“ და ასე შემდეგ.
რეალურად კი, თუ კარგად დავაკვირდებით ხელისუფლების ქმედებებს, ამის მსგავსი არაფერი ხდება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს იმგვარ პოლიტიკას, რომელიც მას ამა თუ იმ ეტაპზე სჭირდება.
რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილი, როგორც მინიმუმ არაადეკვატურად აფასებენ?
– ამ კითხვაზე მე პასუხი არა მაქვს მარტივი მიზეზის გამო. მე ვერ გაგცემთ პასუხს. არ ვიცი რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ მათ საკუთარი ინფორმაციის წყაროები აქვთ და ამბობენ, რომ „ხელისუფლება აგონიაშია“, „ხელისუფლებამ არ იცის რას აკეთებს“ და „ბოდავენ“.
ამაზე მე დავწერე კიდეც – არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რეალობის შეგრძნება. მათ კარგად იციან რა მიზანსაც უნდათ რომ მიაღწიონ და ისინი პატიოსნად შრომობენ ამ მიზნის მისაღწევად.
შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ესენი ვინ არიან, გაუგებარია რა ღირებულებებს ატარებენ, ან ცუდი ღირებულებების მატარებლები არიან, არ გახლავთ საკმარისი. საკმარისი არ გახლავთ იმის გამო, რომ ის სტრატეგია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩეული, მათ განხორციელებაში ოპოზიციური სპექტრი მას ხელს არ უშლის.
ის სტრატეგია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩეული, მათ განხორციელებაში ოპოზიციური სპექტრი მას ხელს არ უშლის
სხვათა შორის, კობახიძემ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება, როდესაც მან თქვა – ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს ბიუჯეტში შემოსავალი შემოაქვთო. როცა პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს, ვიღაც ხომ მაინც უნდა დაფიქრდეს, რომ პროტესტის ფორმა ისე შეიძლება გაგრძელდეს, ოპოზიციამ ბიუჯეტი არ შეავსოს და შემდეგ რაც შეიძლება მეტი აღმოჩნდნენ დაზარალებულებიც და დაჯარიმებულებიც.
მტკიცებები და იმის ლოდინი, რომ მმართველ გუნდში კრიზისშია და კრიზისის ბოლოს ჩასაძირად განწირული ხომალდიდან ვითხრები გაიქცევიან, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ეს ხდება მაშინ, როცა არაფერი არ გამოდის და ასეთი სცენარი ბოლოს ვითარდება. ასეთ რამეს კი ჯერ არ ხდება.
გაუგებარია, პოლიტიკის რაციონალური შეფასება რატომ არ ხდება? რატომ არ ხდება წარუმატებელი სტრატეგიის გადაფასება? რატომ არ ხდება ტაქტიკის შეცვლა იმისთვის რომ არსებული წინააღმდეგობა შენარჩუნდეს?
გაუგებარია, პოლიტიკის რაციონალური შეფასება რატომ არ ხდება? რატომ არ ხდება წარუმატებელი სტრატეგიის გადაფასება? რატომ არ ხდება ტაქტიკის შეცვლა იმისთვის რომ არსებული წინააღმდეგობა შენარჩუნდეს?
– კარგა ხანია ქვეყანაში ორი პარალელური პროცესის განვითარებას ვადევნებდით თვალს. ეს პარალელური პროცესები ისე ვითარდებოდა რომ აქამდე არც კი იკვეთებოდა პრაქტიკულად არსად, მცირე გამონაკლისების გარდა. მცირე გამონაკლისში სატელევიზიო ეთერებში ოპონენტების გამოპასუხებები ვიგულისხმე.
ამ ორ პარალელურ პროცესებს აკლდა მთავარი – დიალოგის არარსებობა. იქ სადაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვან თემებზე დებატები არაა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი არსებობს.
ვხედავთ, რომ ქუჩის პროტესტი ისე ვერ წარიმართა, რომ მორალური უპირატესობა ოპოზიციის მხარეს იყოს. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციაში რყევებია დაწყებული. ეს რყევები სად მიიყვანს ქუჩის ამ პროცესს, კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების ოპტიმალურ გზას ვერ პოულობს.
თუ აღწერილი სურათი მეტ-ნაკლებად ადეკვატურია, რა შეგიძლიათ თქვათ იმ პარტიებზე, რომლებიც ჩართული არიან საპროტესტო აქციებში?
მხედველობაში მყვანან ისინი, ვისაც გადალახული აქვთ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი, და ისინიც, ვინც ახლა არიან ჩართული ქუჩის აქციებში…
– უკიდურესად კატეგორიული ვიქნები შეფასებაში და ნამდვილად არ მაინტერესებს ეს მოეწონება თუ არა ეს რომელიმე პარტიის წარმომადგენელს, ან წარმომადგენლებს. მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი, მე მათ ვადევნებ თვალს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს. აქედან გამომდინარე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იბრალებდნენ პოლიტიკურ ოპოზიციონერობას, რეალურად არ არიან პოლიტიკური ოპოზიცია.
მათ ისიც ვერ შეძლეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც სიმბოლური ფიგურის გარშემო გაერთიანებულიყვნენ და მოეხდინათ თავიანთი ძალების კონსოლიდაცია. პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდნენ სრულიად მოუმწიფებლები იმისათვის, რომ მათ პოლიტიკური პროცესი წარემართათ.
პოლიტიკური ძალები, რომლებიც იბრალებდნენ პოლიტიკურ ოპოზიციონერობას, რეალურად არ არიან პოლიტიკური ოპოზიცია. პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდნენ სრულიად მოუმწიფებლები იმისათვის, რომ მათ პოლიტიკური პროცესი წარემართათ
სხვა სიტყვებით ეს ჩემთვის ნიშნავს, როდესაც შენ არ გინდა საკუთარ თავზე აიღო აქტივობა, ქმედება, რომელსაც შენ ქვეყნის შიგნით განახორციელებ, თუნდაც ოპოზიციური 46% გაერთიანებისთვის, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ შენ არ შეგიძლია მოახდინო ურთიერთობა და მოლაპარაკება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, არა აქვს მნიშვნელობა რომელ ოპოზიციაზე საუბარი, მე ოთხივე ბარიერ გადალახულ პარტიებს ვგულისხმობ.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები ძალაუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების იმდაგვარივე ფორმით წარმართვა, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე. ანუ ვერ დამშვიდობება ერთპარტიულ მმართველობასთან. ანუ, ძალაუფლება მაინტერესებს და არა პოლიტიკური პროცესი, როგორც მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.
ახლა რა რჩება – სამოქალაქო აქტივიზმი, რომლის საფუძველიც, ყველა კანონზომიერების მიხედვით გვაქვს ძალიან მცირე და ეს უკვე გამოჩნდა ამდენი თვეების განმავლობაში.
სამოქალაქო აქტივიზმი გულისხმობს გარკვეულ პერიოდულობას და არა პერმანენტულ აქციებს. ადამიანები მუშაობენ, ფაქტობრივად, სამოქალაქო აქტივიზმი არის განათლებული საშუალო ფენის აქტივობა. ეს განათლებული საშუალო ფენა საქართველოში უკიდურესად მცირეა. ეს ხალხი მუშაობს და მათ სხვა საქმეებიც აქვთ. დღე-ღამის ციკლს ვერავინ ვერ შეცვლის. 6 საათი დასვენება, თუ მეტი არა, ადამიანებს სჭირდებათ.
არსებული სამოქალაქო აქტივიზმიდან ორი რამ უნდა მოხდეს – ერთი შეიცვალოს წინააღმდეგობის ტაქტიკა, წინააღმდეგობა არსად არ უნდა გაქრეს და მეორე – სამოქალაქო აქტივიზმი უნდა მივიდეს იქამდე, რომ რეალური პოლიტიკური მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს. მე თუ მკითხავთ, ამ სამოქალაქო აქტივიზმმა უკვე დაბადა გნებავთ ახალი სლოგანი, გნებავთ ახალი ლოზუნგი – თანასწორობა, სამართლიანობა და სოლიდარობა.
არსებული სამოქალაქო აქტივიზმიდან ორი რამ უნდა მოხდეს – ერთი შეიცვალოს წინააღმდეგობის ტაქტიკა, წინააღმდეგობა არსად არ უნდა გაქრეს და მეორე – სამოქალაქო აქტივიზმი უნდა მივიდეს იქამდე, რომ რეალური პოლიტიკური მოძრაობა უნდა ჩამოყალიბდეს. მე თუ მკითხავთ, ამ სამოქალაქო აქტივიზმმა უკვე დაბადა გნებავთ ახალი სლოგანი, გნებავთ ახალი ლოზუნგი – თანასწორობა, სამართლიანობა და სოლიდარობა
ასეთი ლოზუნგები საფრანგეთის რევოლუციის ვარიაციებია. 9 აპრილთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებების კვალობაზე ჩემმა ერთმა მეგობარმა დაწერა – ისევ აქტუალურია ლოზუნგი – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ოღონდ, დამოუკიდებელი საქართველოს იდეა კარგია, მაგრამ მას უნდა დავუმატოთ ერთი სიტყვა – დემოკრატიული. დე-იურე საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ, დემოკრატიული ნამდვილად არ ვართ. დე-იურე დამოუკიდებლობას, ვერანაირად ვერ ჩამოგვართმევენ, თუ ცხადია, ჩვენ თავად არ მოვაწყვეთ ქვეყნის შიგნით არეულობა, რომელსაც დასჭირდება გარე ძალის მოხმობა იმისათვის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს.
დამოუკიდებელი საქართველოს იდეა კარგია, მაგრამ მას უნდა დავუმატოთ ერთი სიტყვა – დემოკრატიული. დე-იურე საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ, დემოკრატიული ნამდვილად არ ვართ. დე-იურე დამოუკიდებლობას, ვერანაირად ვერ ჩამოგვართმევენ, თუ ცხადია, ჩვენ თავად არ მოვაწყვეთ ქვეყნის შიგნით არეულობა, რომელსაც დასჭირდება გარე ძალის მოხმობა იმისათვის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა შეწყდეს
თუმცა, შემიძლია ვთქვა – ახლა იარაღი არავის არ აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. ამ ეტაპისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენებს თავისი უუნარობა იმისთვის, რომ მოეხდინათ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის კონსოლიდაცია. ის, ვინც ახორციელებს პროტესტს, მათი წილი არის მცირე, ისინი საერთოდ არ ფლობენ არანაირ რესურსებს გარდა წმინდად ადამიანური ღირებულებისა.
პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენებს თავისი უუნარობა იმისთვის, რომ მოეხდინათ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის კონსოლიდაცია
მათაც უნდათ რომ ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა, და სხვის მიმართ იყოს ემპათიურობა, ანუ თანაგანცდა არსებობდეს და ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ. ეს არის სულ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მოხდება ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, ძალიან კარგი, თუ არ მოხდება ასეთი რამის აღმოცენება, ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება იმასთან, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საერთაშორისო წესრიგის თავიდან გადანაწილებას, რა პროცესიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ როგორც გაგვიმართლა 1918 წელს, და აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში რომ კვლავ აღმოვჩნდეთ დე-ფაქტოც დამოუკიდებელი ქვეყანა.
ჩვენ უნდა დაველოდოთ საერთაშორისო წესრიგის თავიდან გადანაწილებას, რა პროცესიც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ როგორც გაგვიმართლა 1918 წელს, და აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში რომ კვლავ აღმოვჩნდეთ დე-ფაქტოც დამოუკიდებელი ქვეყანა
– რჩება შთაბეჭდილება, რომ საშინაო პოლიტიკაში პროცესები იმ სცენარით განვითარდა, როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თქვა.
მხედველობაში მაქვს ივანიშვილის განცხადება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულს გახდიდა ოპოზიცია ქუჩის აქციებში ისე დაღლილიყო, რომ მას არაფრის თავი არ ჰქონოდა.
ოპოზიციური სპექტრი რომ დაღლილ-დაქანცულია ვხედავთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ასეა. ოპოზიციამ რომ მოქმედების ერთიანი გეგმა ვერ შეიმუშავა, ესეც ფაქტია.
ასეთ ვითარებაში, სულაც არაა გამორიცხული ოპოზიციაში მოვლენათა განვითარების ახალი სცენარის ავტორი ისევ ივანიშვილი აღმოჩნდეს. თუ მთელი ოპოზიციის აქტიურობის არა, ნაწილის მაინც და პოლიტიკურმა პროცესმა სხვა ფორმა მიიღოს…
– ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ როცა ეს ივანიშვილმა თქვა, ასეთი რამ საქართველოში უკვე არსებობდა და მისი პირველი გამომყენებელი იყო სააკაშვილი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მმართველობის დროს ქუჩის აქციები და გადაკეტილი და ბევრად უფრო ორგანიზებული აქციები სამი თვის მანძილზე გაშლილ კარვები. შემდეგ ეს კარვები დაიცალა და ქუჩაში პროტესტი გაქრა. თუმცა, ეს პროტესტი არსად გამქრალა იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილმა 2012 არჩევნები წააგო.
შესაბამისად, ივანიშვილი კი არ გვთავაზობს რაღაც ნოუ-ჰაუს, არამედ ეს არის ძალიან მარტივი, ადამიანის რესურსი არის შეზღუდული. მე ხშირად მომყავს ეს მაგალითი – ესტონეთს არ დაუკარგავს ერთი მოქალაქეც კი, ისე განთავისუფლდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი შაბათ-კვირას ქუჩაში სამი წლის განმავლობაში იკრიბებოდნენ და მღეროდნენ. ამიტომაც ჰქვია ესტონეთში მაშინ მომხდარს -„სიმღერის რევოლუცია“.
ფაქტობრივად, ქვეყნის არჩეული სტრატეგია, რომ ისინი არჩეულები უნდა ყოფილიყვნენ, მორგებული იყო ესტონელების რაოდენობას, რომლებიც საერთოდ იყვნენ 1 მილიონ 300 ათასი. აქედან 30 % რუსულენოვანი მოსახლეობა ჰყავდათ. გასაგებია, რომ მაშინ ეპოქა ცოტა სხვა იყო, მაგრამ ჩვენგან და ლიტველებისგან განსხვავებით, მათთან ერთი ადამიანიც კი არ დაღუპულა. ეროვნულმა ფრონტმა მაშინ შეძლო მთელი ესტონეთის საზოგადოების გაერთიანება ერთი იდეის ქვეშ.
თუ ასეთი რამ არ მოხდება, ანუ, როდესაც ჩვენ პოლიტიკის მიმართ გვექნება არა რევოლუციური და რომანტიკული დამოკიდებულება, არამედ რეალური დამოკიდებულება იმაზე კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა განვახორციელოთ წარმატებისათვის ქცევა დროში გაწელილი, ნამდვილად შეიძლება შედეგის მიიღწევა.
შემიძლია გითხრათ, ყოველთვის არსებობს გარკვეული ქმედების საწინააღმდეგოდ მიმართული ეფექტური კონტრქმედების შესაძლებლობა. მე არ გახლავართ პოლიტიკოსი, მე შემიძლია მხოლოდ მოგიყვეთ იმის შესახებ, რა კეთდებოდა. თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ხარ და გაცხადებული გაქვს რომ პოლიტიკოსი ხარ, შენი მოვალეობაა დაითვალო და იცოდე სად უნდა იდგე და რა აკეთო. 90-იანი წლებში ეს იყო საუკეთესო გზა ცვლილებებისთვის.
ყოველთვის არსებობს გარკვეული ქმედების საწინააღმდეგოდ მიმართული ეფექტური კონტრქმედების შესაძლებლობა
რომანტიკული რევოლუციების პერიოდი გასულია. შემდეგ ფერადი რევოლუციებისთვის რომანტიკული რევოლუცია არავის უწოდებია. ნაციონალიზმის თემის შემოტანამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში, სწორედ ამის გამო იყო იმ პერიოდის აქტივობა „რომანტიკულ რევოლუციებად“ შეფასებული. ფერადი რევოლუციები, რომლებიც მიმართული იყო კორუფციის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვისათვის, მათთვის „რომანტიკული რევოლუცია“ არავის უწოდებია.
თუ ის ადამიანები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, მე მათ პოლიტიკურ ოპოზიციასაც ვეღარ ვეძახი, არ მოექცევიან პოლიტიკური აქტივობის რეალური შეფასების ჩარჩოში, ასეთ შემთხვევაში ისინი წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევენ. ამიტომ ვთვლი, საქართველოში არის იმედი, რომ გაჩნდება რეალური პოლიტიკური ძალა
ცოტათი ფიქრი ხომ შეიძლება, არაა? ახლა როდესაც გვაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარიზმისგან წამოსვლა, რაა გასაკვირი იმაში, რომ, როცა ქვეყანაში არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს აკონტროლებს, ასეთ შემთხვევაში ავტორიტარიზმის განვითარების რეალური საფრთხე არსებობდეს.
რად უნდა ამას არჩევნები, ამის წინასწარ დათვლა ხომ შეიძლება? მე იმის თქმა მინდა რომ თუ ის ადამიანები, მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, მე მათ პოლიტიკურ ოპოზიციასაც ვეღარ ვეძახი, არ მოექცევიან პოლიტიკური აქტივობის რეალური შეფასების ჩარჩოში, ასეთ შემთხვევაში ისინი წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევენ.
ამიტომ ვთვლი, საქართველოში არის იმედი, რომ გაჩნდება რეალური პოლიტიკური ძალა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
