თამარ აბულაძემ ღვინის ქვისგან სამკაულისა და აქსესუარების დამზადების შემდეგ, ღვინის მარილის წარმოება დაიწყო. ამჟამად 2 სახეობის – საფერავისა და რქაწითლის მარილია გაყიდვაში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „მარილას“ დამფუძნებელი ამბობს, ქართული ღვინის მარილის მცირე პარტია გამოჩენისთანავე შეიძინეს ლონდონში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იტალიასთან და გეგმავენ პროდუქტის შეთავაზებას აშშ-სა და გალფის ქვეყნებისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა საფრანგეთში ექსპორტი იქნება, რადგან იქ ამ პროდუქტს კარგად იცნობენ.
პირველი ქართული ღვინის მარილის შექმნის და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტი“ „მარილას“ დამფუძნებელ, თამარ აბულაძეს ესაუბრა.
საიდან და როდის გაჩნდა ღვინის მარილის შექმნის იდეა?
თამარ აბულაძე, Wine Diamond, Emocia Wines, Emocia Handmade Jewelry და „მარილას“ დამფუძნებელი: ღვინის მარილის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის რეგიონიდან – ბორდოდან ჩამოვიტანეთ არტიზანული, ფრანგული ღვინის მარილი, რომელიც გაჯერებული იყო სხვადასხვა სანელებლებით. ბოთლს ეწერა, რომ საიდუმლო ინგრედიენტებისა და რეცეპტისგან შედგებოდა. როდესაც ფრანგული მარილი ამოგვეწურა, დავიწყეთ ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ძებნა და არათუ ვერ ვიპოვეთ, არამედ მის შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდათ. გადავწყვიტეთ, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც 8000 წლიანი ისტორიის მქონე მეღვინეობის ქვეყანაში, მაღაზიათა ქსელებში განათავსებდა ქართულ, ქვევრის ღვინის მარილს და უფრო მეტიც, საქართველოს სახელით ექსპორტზე გაიტანდა. აქედან დაიწყო მარილას ისტორიაც.
რა ტექნოლოგიით ამზადებთ ღვინის მარილს?
ღვინის მარილის როგორც ასეთი, მზა რეცეპტი არ არსებობს. გარკვეული ინფორმაცია მოვიძიეთ თუმცა, არც ერთმა გაამართლა. ამიტომ, რამდენიმეთვიანი უწყვეტი ექსპერიმენტებისა და არაერთი წარუმატებელი ცდის მიუხედავად, საბოლოოდ, მაინც შევქმენით საკუთარი მეთოდი და დღეს, მარილას მომზადების საიდუმლო რეცეპტს, საქპატენტი იცავს. დამზადების პროცესი საკმაოდ რთული და საფრთხილოა. რამდენიმეჯერ უნდა გავიმეოროთ გარკვეული პროცედურა იმისთვის, რომ მდგრადი ფერი და არომატი მივიღოთ. მარილას დამზადებისას ვიყენებთ მხოლოდ საკვებ მარილსა და პრემიუმ ხარისხის, ქვევრის ღვინოს. სწორედ ეს ქვევრის ღვინოა ჩვენი ძირითადი ნიშა, რომელიც უნიკალურობით გამოგვარჩევს მსოფლიო მასშტაბით. მართალია, ფრანგებს აქვთ ღვინის მარილი, მაგრამ არავის აქვს ქვევრის ღვინისგან შექმნილი მარილი ჩვენ მსგავსად.
ღვინის ქვის მსგავსად, მარილიც რამდენიმე ფერის იქნება და მათი საგემოვნო თვისებები იქნებ განსხვავებული?
ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი სახეობა გვაქვს გაყიდვაში, ესაა საფერავი და რქაწითელი. ვფიქრობთ, ჯერ კლასიკური გემოთი გავეცნოთ მომხმარებელს და მალე დავაწევთ ქისის, ხიხვისა და ქინძმარაულის მიკროზონის საფერავის ღვინის მარილსაც. მომავალი წლიდან ასორტიმენტს როზეც შეემატება და გურული ჩხავერის მარილი. ამ ეტაპზე დამატებით სუნელებს არ ვიყენებთ, თუმცა სამომავლოდ, პიკანტური გემოებიც გვექნება, განსაკუთრებული გურმანებისთვის.
რაში, რომელ კერძებში, რასთან გამოიყენება ღვინის მარილი?
საფერავის „მარილა“ ძალიან უხდება სტეიკს, მწვადს, ზოგადად ხორციან კერძებს, სალათებს, რძის პროდუქტებს და დესერტებსაც კი. საუკეთესო ინგრედიენტია სერვირებისთვისაც. რამდენიმე რესტორნის შეფმა, საავტორო რეცეპტშიც კი გამოიყენა. თეთრი ღვინის მარილი უფრო თევზეულს და ზღვის პროდუქტებს უხდება, გამოირჩევა მოტკბო არომატებით, რომელსაც ღვინო სძენს. მარილა ისეთი სანელებელია, რომელიც ყველანაირ კერძს უხდება. ვიზუალის გარდა, გამორჩეული არომატი და გემო აქვს, რომელიც სრულად დამოკიდებულია იმ ღვინოზე, რომლისგანაც ის მზადდება. ღვინო კი, აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმი, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ! აღსანიშნავია, რომ მარილას დამზადებისას არ ვიყენებთ არომატიზატორებს, საკვებ საღებავს და სხვა დანამატებს. იგი შედგება მხოლოდ ღვინისა და მარილისგან! განსაკუთრებულობას კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ღვინო და დამზადება-დავარგების ჩვენ მიერ შემუშავებული, სპეციალური მეთოდი სძენს.
როდის გამოჩნდება ბაზარზე, რა ეღირება, სად გაიყიდება?
„მარილა“ ამჟამად უკვე გაყიდვაშია. შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ჩვენი გვერდიდან: www.marila.ge , ასევე „ველი სთორის“ ონლაინ პლატფორმაზე, „8000 მოსავალის“ ყველა ფილიალში, ღვინის მაღაზია „სასმურში“ და რესტორან „მარგალიტაში“. 2024 წლიდან, ეტაპობრივად გაიზრდება პარტნიორ ობიექტთა რიცხვიც.
სამომავლოდ თქვენი პროდუქციის, მათ შორის ღვინის მარილის უცხოეთში გატანას ხომ არ გეგმავთ?
„მარილას“ მცირე პარტია, გამოჩენისთანავე შეიძინეს ლონდონში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იტალიასთან და ვგეგმავთ, აშშ და გალფის ქვეყნებსაც შევთავაზოთ 2024 წლის ჭრილში. ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, ექსპორტი საფრანგეთში, სადაც კარგად იცნობენ ამ პროდუქტს. გვინდა, სიამაყით წარვუდგინოთ, ქართული, ქვევრის ღვინის მარილი, რომელიც მათ ბაზარზე აქამდე არ ყოფილა.
კიდევ რაიმე ახალ, ინოვაციურ პროდუქტზე ხომ არ მუშაობთ?
ინოვაციურ პროდუქტებზე მუშაობა ჩვენს ნიშად იქცა. გვინდა, სრულად გამოვიყენოთ ქართული ღვინის პოტენციალი და რაც შეიძლება მეტი ინოვაცია შევქმნათ მისგან.
ამჟამად, 2024 წლის #1 გეგმა გახლავთ, ჩვენი ბრენდების გაერთიანებული შოურუმის, სახელოსნოს, მარილას საწარმოსა და სამუშაო ოფისის ერთ სივრცეში განთავსება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვეყოლება ახალი თანამშრომლებიც. გვინდა, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი იყოს, დიდი კორპორაციული კულტურით, რომელშიც გაერთიანებული იქნება, ჩვენი ღირებულებებისა და მოტივაციის მატარებელი, არაერთი გულანთებული და ნიჭიერი ადამიანი.
წინ დიდი გეგმებია, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით და წარმატებით ვასრულებთ.