“მეგობრებო, ცოტა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში არჩევნების ნაწილმა.
აქ ვარ, სტრასბურგში, ქართული დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების (ოპოზიციის) დელეგაციის წევრად.
ასამბლეა ითხოვს “ახალ” არჩევნებს “უახლოეს თვეებში” და ამისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადებას. პროგრესი შეფასდება აპრილში და აპრილში თავიდან (თუმცა არა ავტომატურად) დადგება რეჟიმისთვის უფლებამოსილების სრულად მოხსნის საკითხი (ამჟამად მათ ფორმალურად უფლებამოსილება დარჩათ, თუმცა ისე შეეზღუდათ, რომ ფაქტობრივად მხოლოდ დამკვირვებლის როლი შერჩათ).
“create an electoral environment that is conducive to genuinely democratic new elections announced during the coming months.”
საუბარი ცალსახად არის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და არა თვითმმართველობის არჩევნებზე. სიტყვა “ახალიც” ამას ნიშნავს და ვერბალური დებატებიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სწორედ ამაზე იყო. თეა წულუკიანმაც იცის, რომ ტექსტი საპარლამენტოს ეხება და ამიტომ განაცხადა საგანგებოდ საჯაროდაც და აქაც, მონიტორინგის კომიტეტთან, რომ არანაირი არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება.
დილას დავესწარი ALDE პოლიტიკური ჯგუფის (რომელიც ჩვენი ყველაზე თავგამოდებული გულშემატკივარია) კიდევ ერთ განხილვას საქართველოზე, რადგან დროა ალდეს წევრი ვართ. იქაც გააჟღერეს, აგერ, უკვე თქვა “ოცნების” წარმომადგენელმა, რომ 2028 წლამდე არაფერს ელოდოთო, ანუ არ აპირებენ შესრულებას და აპრილისთვის მოვემზადოთო.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა PACE წევრი ქვეყნის დელეგაციისგან რეზოლუციაში ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან ზოგადად “ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.”
ამიტომ სკეპტიკოსები არანაირად არ ელოდნენ ამ ჩანაწერს, მაგრამ აქ ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ჩვენმა მტკიცე მეგობრებმა ძალიან დიდი ბრძოლა გავმართეთ. ყველა დერეფანსა თუ კაფეში უცხოელების მხრიდან სულ საქართველოზე ფუსფუსი ისმოდა, გარემო მთლიანად ჩვენ შევქმენით ამხელა PACE-ში.
კენჭისყრა იქნება რამდენიმე საათში, თუმცა ტექსტში ფუნდამენტური ცვლილება მოსალოდნელი არ არის,” – წერს პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიკა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.