ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო ნეტგაზეთის ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას ადმინისტრაციული დევნის გამო.ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება. ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე. მას 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობები ემუქრებათ.„საქმე სასამართლოში განხილვის პროცესშია. „გზის გადაკეტვა“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილი) აქციის მონაწილეებისთვის შესაძლოა ითვალისწინებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორებისთვის — 20 დღემდე ვადით. აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით”, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში და მოთხოვნილია მის მიმართ არსებული ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტა.ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არის ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი პროექტი. ეს არის ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის რეალურ დროში მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი. პლატფორმა მუშაობს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებზე სიგნალების შეგროვებითა და შემოწმებით. ეს შეტყობინებები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გამოქვეყნებულია ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან სწრაფი მოქმედების მიზნით. სიგნალების გასაჯაროებით პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და წაახალისოს წევრი სახელმწიფოები, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას და „ტაბულას“ ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება.ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე.მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტი აშუქებდა. აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.7 თებერვლის „შაბათის მარშს“ აშუქებდა „ტაბულას“ ჟურნალისტი მარიამ კუპრავაც.პროფესიული საქმიანობის შესრულების მიუხედავად მარიამ ძიძარიას და მარიამ კუპრავას შსს-მ მაინც შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ჟურნალისტის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.6 მარტს, „მედიაჩექერის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ასევე განიხილა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება.გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოში წარადგინეს საბუთები, რომ გიორგი თარხნიშვილი ჟურნალისტია. ქუდზეც აწერია – PRESS, დიდი ფოტოკამერა უჭირავს ხელში. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შსს-ს წარმოდგენილ ვიდეოშიც ჩანს, რომ ფოტოს ან ვიდეოს იღებს“, – თქვა თარხნიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „მედიაჩეკერთან“.მოსამართლემ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო.„გზის გადაკეტვის საქმეები“ 174-ე პრიმა მუხლის მეათე ნაწილით განიხილება. აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით.2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ მუხლით განხილულ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რამდენიმე მოქალაქეს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.



