ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს – ამ ფაქტს ის ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირებს.
სიჭინავას თქმით, მას რამდენიმე ათასის ოდენობის გადაუხდელი ჯარიმა დაუგროვდა და ანგარიშები ამის საფუძველზე დაუყადაღეს, თუმცა იმის გამო, რომ მისი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, შესაბამისად სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ანგარიშები დაეყადაღებინა.
“ვამოწმებ და არა, მკვდრეთით არ აღმსდგარა ჩემი შვილის მამა!
ხვალინდელი სასამართლოსთვის ემზადებიან, 13:00 საათზე ჩანიშნეს” – წერს ის ფეისბუკში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ სიჭინავას მას შემდეგ უჩივლა, რომ ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა ირაკლი ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდა და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილა.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
თავის მხრივ, ზუგდიდელი აქტივისტებმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს, რომელმაც ესებუას ტელეფონი გააგდებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღდმეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამ სიჭინავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის და საქმის მასალებს თან აქვს გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია დართული, აქტივისტი ფიქრობს რომ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს.
