მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
უფლის მოწყალების ნიშნად, ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები საქართველოდანაც იმყოფებიან.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
