“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” – მარში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიმართება მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე. მოქალაქეები ფილარმონიასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მსვლელობით სიმბოლურად გაიმეორებენ 1919 წელს, დამოუკიდებლობის პირველი წლის აღსანიშნავ მარშს.
“1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტერიტორიისკენ გაემართა. ჩვენც ამ გზას გავივლით”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვენ, თან იქონიონ დროშები, ყვავილები და ტრადიციული სამოსის ელემენტები.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წლის 9 აპრილს მივიღეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
იქამდე, ხვალ, 24 მაისს, დაგეგმილია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული და დაზარალებული მოქალაქეების სოლიდარობის მარში. მსვლელობა 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.
გარდა ამისა, 25 მაისს, 19:00 საათზე, გმირთა მოედანზე “ფრანების აქცია” გაიმართება.