ხვალ, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე, სერია A-ს მე-18 ტურში “ნაპოლი” “მონცას” უმასპინძლებს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რადგან გავიგე, რომ თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს. “მონცასთან” უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველოდება, ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს.
ტრავმების მხრივ რთული სიტუაცია გვაქვს. ლობოტკასა და ლინდსტრომს არ უვარჯიშიათ, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ფეხბურთელს. ნათანი 1.5 თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თუმცა
ამაზე ხელმძღვანელები იზრუნებენ.
მიუხედავად ლობოტკას ტრავმისა, კაიუსტეს ვენდობი, ის მოედანზე ახლა უფრო მეტ თავისუფლებას მიიღებს და ველოდები, რომ საკუთარ მოვალეობას თავს შესანიშნავად გაართმევს.
აქ ამ გუნდის დასახმარებლად მოვედი. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, იმაზე ნაკლები ქულა გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ, უბრალოდ ზოგ სიტუაციაში არ გვიმართლებდა.
ოსიმენი? მან შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი კარგად მესმის, რადგან მის წინააღმდეგ თამაშის წესები ხშირად ირღვევა და ზოგჯერ ეს მსაჯებს შეუმჩნეველი რჩებათ. იმედი მაქვს, როდესაც დაბრუნდება, დახმარების ხელს გამოგვიწვდის.
დაიწყებენ თუ არა ძირითად შემადგენლობაში ერთად სიმეონე და რასპადორი? ეს ბიჭები ძალიან მომწონს, მაგრამ აუცილებელია, რომ ერთი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დარჩეს და როდესაც ერთი დაიღლება მას მეორე ჩაანაცვლებს”, – განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.