ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში! ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა პარტია „ლელომ“ უნდა აიღოს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვია ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ განმარტა, რა ნაბიჯებს გადადგამს პარტია საქართველოში რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად.
„მინდა გითხრათ რას ნიშნავს იყო ალტერნატივა და რას ნიშნავს ემსახურო შენს ხალხს. ჩვენ 3 წლის წინ დავწერეთ მარშალის გეგმა. ძალიან დეტალური, ძალიან გასაგები და ისეთი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. მის განახლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ მომავალ წელს, მაგრამ გამოვყოფ 4 ძირითად საკითხს, რომელიც უმნიშვნელოვანესია და უნდა განვახორციელოთ ამ ქვეყნისთვის. ეს კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. პირველი პუნქტია, რომ კანონი ხელახლა უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო. 2. საქართველოში რუსებს უნდა შეეზღუდოთ მუშაობის უფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის. 3. ვერცერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენ მიწას, სანამ რუსეთი ოკუპანტია. 4. საქართველოში რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და რეგისტრაცია უნდა აიკრძალოს. 5. ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ ჩვენი გადასახადების გადამხდელებისგან მოსკოვში მილიონებს აგზავნის და ეს უნდა შევაჩეროთ. 6. ჩვენ დავაწესებთ დამატებით გადასახადებს რუსული ბიზნესისთვის. და შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის. 7. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ფონდების მუშაობას, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციისა და ოკუპაციის გეგმის ნაწილია. 8. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას. 9. ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“, – განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ინიციატივას „ლელო“ კანონის ძალას აუცილებლად მისცემს.