[ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა – ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც – საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.
მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ საჯარო სექტორი ერთპარტიული დაქვემდებარების გახდეს.
„ამ პერიოდის განმავლობაში, [ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა. მათ უკვე შეუძლიათ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების, რომლებიც სხვანაირად აზროვნებენ, მათი გათავისუფლება და ფაქტობრივად სურთ, საჯარო სექტორი ერთპარტიული დაქვემდებარების გახადონ.
ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ, იმიტომ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართულებით – კანონებით, ციხეებით, პროკურატურითა და სასამართლოს მეშვეობით – აფორმებენ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან – მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.
პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.