მამუკა ხაზარაძე – პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო, საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? – რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ მაგისტრატ მოსამართლესთან მოვიდე

პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო – მზად ვარ მაგისტრატ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება რომ პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო
როგორც ხაზარაძე წერს, ის გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა „არაღიარებულ პარლამენტში“.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრატ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.
კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – წერს ხაზარაძე.
პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.
პროკურატურამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
შეგახსენებთ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.