ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ დაკავებებს ეხმაურება.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად ტერორის მომსწრე ვართ.
„ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა ხალხის ხმები, ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, შემდეგ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ამას მოჰყვა აშშ-ის გასვლა სტრატეგიული პარტნიორობიდან და ახლა პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს აცემინებს ჩვენს შვილებს. ყოველდღე ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, რომ მიდის ტერორი. დღეს უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების ოფისში შესვლის და დარბევის ფაქტები. კიდევ აქვთ რაღაც ჩანაფიქრები და სცენარებს დგამენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ძალიან მწყობრად და ძალიან მტკიცედ ქართველი ხალხი დაიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რომელსაც თავისუფალი და ძლიერი საქართველო ქვია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა კოორდინაციას და დაკავებულების მხარდაჭერას ემსახურება.
„დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ერთ რამეს, კოორდინაციას, რომ ვანახოთ, იმ ბავშვებს ჰყავთ პატრონი და ეს პატრონი არ არის მხოლოდ მათი მშობლები, ჩვენ ვართ მათი პატრონები. მეორე, ყველა იმ სამოქალაქო ადამიანს და საჯარო მოხელეს, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი პროტესტი, უნდა გრძნობდეს, რომ მათ უკან დგას ოპოზიცია, პოლიტიკოსები და არავის არ მივცემთ უფლებას მათი დაჩაგვრის. რაც ყველაზე მთავარია, ერთიანი ხმა უნდა ისმოდეს ოპოზიციიდან უცხოეთში, ჩვენს პარტნიორებთან. ვინმემ არ წარმოიდგინოს, რომ ცალკე ხდება, ყველაფერი კოორდინირებულია პრეზიდენტთან. ყველა ფრონტი და ყველა მოქმედება იქნება თანხვედრაში იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და ყველა მას უნდა მოვემსახუროთ ახლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.