საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც – პირველი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს საპყრობილეშია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული და დაზიანებული პირების უფლებები იყოს დაცული.
„საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ იჭერ ადამიანს და მერე ვითომ ჰუმანურობას იჩენ და გარეთ უშვებ. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც. კარგია და ვულოცავ ალეკოს, რომ გარეთ არის, მაგრამ პირველი მოთხოვნაა – ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს საპყრობილეშია. ეს მოთხოვნა არ შეიცვლება, ჩვენ აქვს იმისათვის ვართ, რომ მათი უფლებები დავიცვათ და გამოვიყვანოთ ბიძინას პროკურატურისა და ციხის კლანჭებისაგან.
ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალს, რომლებიც უმოწყალოდ სცემეს, ჟურნალისტებისთვის, ყველასთვის – ვდგავართ აქ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მოვითხოვოთ სასწრაფოდ გათავისუფლება თითოეული მათგანის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ, სასამართლო დარბაზიდან 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სახით შეუცვალა.