არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, მმართველი პარტია, გლობალურ ომის პარტიაში, აშშ-სა და ევროკავშირს არ გულისხმობს.
„გამახსენეთ ერთი ტერმინი ან ფრაზა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, რომ ტყუილია ის, რომ ამერიკას ომი უნდა, ჩვენ გლობალური ომის პარტიაში არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. მაინც და მაინც გვაძალებენ, რომ თქვენ ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ.
ტყუილში მხილება გადაწყვიტეს ტყუილით. ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას. გლობალურ ომის პარტიას რაც შეეხება, ესენი არიან ძალები, რომლებიც მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებთ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის ბატონი ტრამპის მკვლელობის ინტერესებს, ფიცოს მკვლელობის ინტერესებს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ისმება კითხვები.
არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ეგრეთწოდებული წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ასე შემდეგ.
ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, თუ ეს ვერსია არასწორია, მაშინ სწორი ვერსია რა არის? რატომ აკრიტიკებენ საქართველოს უსამართლოდ?
ჩვენ ამ ძალებს გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ და ვიღაცამ სხვა ქვეყნის მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა უნდა დამითქვას მე, საქართველოს მოქალაქეს და ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობის ერთ-ერთ ლიდერს, რა დავარქვა და რა ვუწოდო? კონგრესმენი კი არა, ვინც უნდა ის იყოს! ვაშაძეს შევეკითხო?
საქართველო არასდროს შეცვლის კურს, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია. თუ ვინმეს უნდა კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი ცალ ფეხზე დგომით, ამაზე ვერ წავყვებით. ჩვენს პარტიულ სლოგანში ეს სიტყვა შემთხვევით არ ჩაგვიწერია – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს სხვა ვერსია, თუ რატომ ექცევიან საქართველოს უსამართლოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ქვეყანა ყველაფერში პირველ ადგილზეა. შესაბამისად, მდინარაძე აცხადებს, რომ “გლობალური ომის პარტიის” ინტერესია, საქართველოს ომში ჩართვა.
“როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა? იყო კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა საქართველოს მიმართ, უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი – ეს ყველაფერი ვნახეთ, უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე. დღესაც სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის უსამართლო კრიტიკა. მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ – არსებობს ვერსია, რომ ომში ჩართვის ინტერესია. არ არის ასე? მაშინ რა ინტერესია, უსამართლო კრიტიკის საფუძველი რა არის? რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი, სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, ეს არის “გლობალური ომის პარტია”, რომელსაც ასე ვუწოდებთ პირობითად, მათი მხრიდან, ამ კონკრეტული ძალების მხრიდან არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს – მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ და ვიმსჯელოთ ამ ვერსიაზე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.