ეს ბიუროკრატიული ნაღმი, რომელიც ჩადებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის მერე, ბუნებრივია, შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. უამრავი მუშაობა იქნება საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ნეგატიურ რელსებზე დგას და ამ მატარებლის შემობრუნება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება.
„[სანქციებს] არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენზე, არც დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი. არც მაშველ რგოლად ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას. ერთადერთი, ისინი ცდილობენ, გააფუჭონ ბოლომდე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ მერე ამ ნეგატიური ურთიერთობის რელსებზე მყოფი მატარებლის შემობრუნება იყოს რთული. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „კუდის მოქნევა“ საქართველოსთვის და ამერიკისთვის, მათი ურთიერთობებისთვის საუარესოდ. ამას ასწრებენ 20 იანვრამდე როგორც ეს წამოსცდა „ნაცთა“ მოღალატე გახარიას და მთავარ „ნაცს“ მიხეილ სააკაშვილს.
მე რომ ვლაპარაკობ, რაღაც ნეგატიურ რელსებზე დგას ეს ურთიერთობები, ამ მატარებლის შემობრუნება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება. ეს ბიუროკრატიული ნაღმი, რომელიც ჩადებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში მოქმედი ბიუროკრატების მიერ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის მერე ბუნებრივია შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ, ასევე, ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ დღეში შეიცვლება ყველაფერი და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. აქაც უამრავი მუშაობა იქნება საჭირო. ერთ დღეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამი მთავარი ფაქტორი გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის და ურთიერთობების ნელ-ნელა დასტაბილურების და გაპოზიტიურების იმედს. პირველი – ეს არის ის, რომ ტრამპს და მის მომავალ ადმინისტრაციას გამჭვირვალობაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, რაც ჩვენ. მეორე – ოჯახურ ღირებულებებზე და ლგბტ პროპაგანდის უარყოფაზე იგივე წარმოდგენები აქვს, რაც ჩვენ და მესამე – ომის დამთავრების ინტერესს გამოხატავს ჯერ კიდევ წარსულიდან ბატონი ტრამპი და ამ შემთხვევაში საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ბუნებრივად ქრება. ეს სამი ინტერესი გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ, ამ სამი მიმართულებით საქართველოს მიმართ წნეხი მოიხსნება. და სულ რომ ყველაფერი იგივე დარჩეს, ეს სამი მთავარი მიმართულებით წნეხის მოხსნა ჩვენთვის დიდი შეღავათია,“ – განაცხადა მდინარაძემ.