მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის დატოვებაზე – უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ

კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ლევან შენგელიას მიერ, საკუთარი მონაწილეობა შეჩერებას.
მისივე თქმით, ეს ცესკოს წინააღმდეგ „უპასუხისმგებლობა და საბოტაჟია“.
„უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ. ეს საბოტაჟის გაგრძელებაა, ახალი დაწყებული კი არაა. კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვეს? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად? ესე იგი საბოტაჟია. ეს არის რეალური მიზეზი, მეტი არაფერი. ცესკოს როგორ ებრძოდნენ? ლეგიტიმაციის პროცესში რა კითხვაც უნდა დასვან და იყოს ეს სიცრუის ნარატივი, ერთ-ერთი გაგრძელება, რასაც ცესკოსთან მიმართებით იკადრებენ და რაც უნდა ეკადრებინათ, შავი ფულით მათ შორის, რის გარკვეულ პრევენციასაც ვახდენთ ახლა სხვა რაღაცებთან ერთად, ამის ლუსტრაციაა. პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ ტოვებს, ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ ესენი არიან ცესკოს საბოტაჟით დაკავებულები“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა.
როგორც ლევან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომელთა ინიციატივაც კომისიამ არ გაითვალისწინა.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, მესამე სექტორის ორ წარმომადგენელს გუშინდელ სხდომაზე ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ