მამუკა მდინარაძე – პირველადაა, რომ ოფიციალური სტრუქტურები ბოდვას უწოდებენ რომელიმე სახელმწიფოს განცხადებებს, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის

პირველადაა, რომ ოფიციალური სტრუქტურები ბოდვას უწოდებენ რომელიმე სახელმწიფოს განცხადებებს, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, განცხადებაში აღნიშნული ასპექტები ტყუილია.
„მე თუ მკითხავთ, წყლის ჭიქა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელის ამბავია. 14-მა რომ არ მოაწერა ხელი ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია. რა პოზიცია უნდა მქონდეს ტყუილებზე? კი, ტყუილია,“ – განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, ის დასავლეთზე თავდასხმის კონტექსტში დასმულ კითხვებზე პასუხისას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის კალაძის სიტყვებს ეთანხმება.
„დიახ, კაბაში გადაცმულ კუბილიუსთან გვქონდა საქმე. ეს არის ცილისწამება დასავლეთის მიმართ? რა დღეში ხართ ხვდებით? შეურაცხმყოფელი განცხადება არის თუ არა ეგ ცალკე საკითხია, მე გეუბნებით, რომ ვინც კუბილიუსივით იტყუება და არის სხვა სქესით, ესე იგი ის არის კაბაში გადაცმული კუბილიუსი. შეურაცხყოფა როგორ არის, კაცო? ის თუ თავს გვესხმის ჩვენ, საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, ტყუილებს ლაპარაკობს ჩვენ პასუხი რომ გავცეთ, ეს შეურაცხყოფაა, თავდასხმაა დასავლეთზე და იმათმა რაც უნდათ დაგვაბრალონ?! ანუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ რუსები, ანტიევროპულები, ეს უნდა გავატაროთ, თორემ თუ არ გავატარებთ და ასეთ ხისტ პასუხს არ გავცემთ, ეს შეურაცხყოფაა, თავდასხმაა დასავლეთზე. ასეთი მონური მიდგომა არ უნდა გვქონდეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ანა ლურმანი ერთ-ერთია, ვინც ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა, მდინარაძე ამბობს, რომ „სწორედ მაგიტომაა ის კაბაში ჩაცმული კუბილიუსი“.
„მაგიტომაა კაბაში ჩაცმული კუბილიუსი ზუსტად, მაგას ხელს რომ აწერს. კახამ სწორად თქვა, მაგ სიცრუეს ხელს რომ აწერს, მაგიტომ არის,“ – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ გარანტიას იძლევა, სანამ ცოცხალი იქნება, იბრძოლებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის იმ წესებს დავექვემდებაროთ, რომელიც ქართულ წესებს არ ეწინააღმდეგება და არ გამორიცხავს.
„გარანტიას ვიძლევი სიცოცხლით, რომ ჩვენი მხრიდან ანტიდასავლურ განცხადებას ვერც ერთს დამისახელებთ. როცა ევროკავშირის წესებზე ვსაუბრობთ, მე ვიძლევი გარანტიას, სანამ ცოცხალი ვიქნები, მე პირადად და დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, „ქართული ოცნების“ ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ვიბრძოლებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავექვემდებაროთ ევროკავშირის იმ წესებს, რომელიც ქართულ წესებს არ ეწინააღმდეგება და არ გამორიცხავს,“ – აღნიშნავს მდინარაძე.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მოცემულობა მას შემდეგ შეიქმნება, რაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და საქართველოს მიმართ ცუდი ინტერესები გაქრება.
„ჩვენ ხომ დიდი სურვილი გვაქვს ამის, სურვილიც რომ არ გვქონდეს, ეს მოცემულობა შეიქმნება მას შემდეგ, რაც პირველი – ჩვენ მაგრად მოვიგებთ არჩევნებს და გადავამტვრევთ ამ აგენტურულ ოპოზიციას და მეორე – კიდევ უფრო კარგად დალაგდება და გადაიტვირთება [ურთიერთობები], როცა საქართველოს მიმართ ცუდი ინტერესები გაქრება და ეს მოხდება ში ომის დასრულების შემდეგ,“ – აღნიშნა მდინარაძემ.