მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე რატომ არ აფიქსირებენ პოზიციას? – გარეთ მათი პატრონების ეშინიათ, შიგნით ქართველი ხალხის

პატრონების ეშინიათ [ოპოზიციონერებს], “გლობალური ომის პარტიას” რომ ვეძახით, ამ პატრონების, დავალების მიმცემების ეშინიათ, მათ შორის, კი [რომ არ დააფინანსებენ] და იმის, რომ მხარს არ დაუჭერენ – რაც არ უნდა გავიკვირვოთ, ბევრი მათგანის პოლიტიკური ბედი დამოკიდებულია იმაზე, გაემიჯნებიან თუ არა. პოზიციას რატომ არ აფიქსირებენ? – გარეთ პატრონების ეშინიათ, შიგნით ქართველი ხალხის, მოქალაქეების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ ვერ ემიჯნება კანონპროექტს ოპოზიცია.
მისივე თქმით, რთულია მიჯნის გავლება “ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებისგან დაცვასა” და ადამიანის უფლებების დაცვას შორის.
„დეოკუპაციის გზაზე სიარული, მშვიდობა და სტაბილურობა, ევროპელობა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა, ეკონომიკური განვითარება, ეს ერთად არის ურთულესი ამოცანა. თან რომ გინდა შენი მომავალი დაიცვა ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებისგან, თან უფლებები დაიცვა ისე, რომ ვერცერთმა ევროპელმა ვერანაირი საყვედური ვერ გითხრას და ეს დააბალანსო ერთმანეთთან მიმართებით, არ არის ხომ მარტივი ამოცანა? ეს მიჯნა ხომ რთული გასავლებია? ამ მიჯნაზე ვეხვეწებით [ოპოზიციას], თქვენი ვერსია მოგვიტანეთო, ხმას არ იღებს არავინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვას, რა უნდა ჩაიწეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტში, მდინარაძე პასუხობს, რომ ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას, ანუ გაირკვეს, არსებობს თუ არა პრობლემა და შემდეგ დაიწყონ მკურნალობა.
“თქვენ ახლა მეუბნებით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაციენტს. შეიძლება საერთოდ არ არის ავად. ისინი ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ დგას. ანუ ამ მიმართულებით რაღაც დაავადება მსოფლიოში არ ვრცელდება. დავარქვათ დაავადება და პაციენტის მკურნალობა. თქვენ მეუბნებით, რეცეპტი რა გამოვწეროთო, მე კი გეუბნებით, რომ დიაგნოზი დავსვათ. შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება არაფერი. ვთქვათ, ექიმები ვართ (იმ ხალხზე არ ვსაუბრობ, ვინმემ ასე არ გაბედოს სპეკულირება) და კონკრეტულ ადამიანზე ვსაუბრობთ, თქვენ ამბობთ, რომ ჯანმრთელია, მე გეუბნებით ხელი სტკივა. ვსაუბრობთ იმაზე, მკურნალობა სჭირდება თუ არა, თქვენ ამბობთ, რომ არაფერი არ სტკივა. თუ არაფერი სტკივა, მკურნალობა არ სჭირდება. ასე რომ, ჯერ დავსვათ დიაგნოზი, პრობლემა არსებობს თუ არა და შემდეგ გადავიდეთ მკურნალობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, “ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია დათქმამ, რომ დედა და მამა ტერმინებად არ გამოიყენონ”.
“დღეს მსოფლიოში დადგა საკითხი, რომ დედას და მამას, დედა და მამა არ დავუძახოთ, თუ ვხედავთ უამრავ ინფორმაციას, რომ ტრანსგენდერი ადამიანები (თავისი საქმე აქვთ, რაც უნდა ის იყვნენ) ბაღის ბავშვებთან მიჰყავთ და მათ წარმატებულობაზე და იმაზე ლაპარაკობენ, როგორი ბედნიერები და მისაბაძები არიან, თუ დღეს გენდერზე გვეუბნებიან – ქალი, მამაკაცი და გენდერი იქნებ ჩაწეროთო – უკვე ჩვენთანაც იყო ეს მოწოდება. ქალი, მამაკაცი და გენდერი სხვა რომელი გენდერი? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემა თანამედროვე სამყაროში უმწვავესად დგას, ვიღაცებს ეჩვენებოდათ, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინების საკითხი 2017 წელს არ იდგა. ავდექით და ჩავწერეთ. ამის ნიშნები იყო. მაშინ ამბობდნენ საიდან მოიტანეს, ეს არის ანტიევროპული, რუსულიო.
შესაბამისად, ეს არ იდგა დღის წესრიგში. დღეს კიდევ უფრო აშკარადაა დღის წესრიგში. გამოვიდა და მოუწია თქმა, კაცი კაცია და ქალი ქალიაო, რომ არ გაგიჟდნენ მისი ამომრჩეველი და მოქალაქეები ამასთან დაკავშირებით, ამის თქმა მოუწია ქვეყნის ლიდერს და ესენი ამბობენ, ეს საკითხი არ უნდა იდგეს დღის წესრიგში. რეალურად ამ საკითხის გვერდით დგანან. ხაზარაძის წარმომადგენელმა გამოიყენა რაღაც ეპითეტი – მარაზმატიკულია, დედა დედაა და მამა მამააო”,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ერთი მხრივ უნდა დაიცვან ლგბტ თემის წარმომადგენლები, მეორე მხრივ კი საზოგადოება – მავნე პროპაგანდისგან.
“შარშან ვამბობდი, არ ვთვლი, რომ ეს კანონმდებლობით უნდა დავარეგულიროთ, რადგან მავნე პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა. წელს დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც მინიშნება კი არა, დავალებაა სახელმწიფო უწყებებში დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო. ამას მხოლოდ პროპაგანდა ვეღარ დაუპირისპირდება, ამას სჭირდება მკაფიოდ გაწერილი ნორმები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება უნდა დავიცვათ პროპაგანდის მავნე შედეგებისგან. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან უფლებების ნაწილში პრობლემა არ უნდა შექმნას. ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც ვიცავთ ამ რადიკალიზმისგან, უფლებების ნაწილში მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, რომ გარანტია მეტი იყოს, რომ ნებისმიერ ადამიანს, არატრადიციული მიმართულების მიუხედავად არავინ უნდა შეეხოს. აქეთ ჩვენ მავნე პროპაგანდისგან უნდა დავიცავთ საზოგადოება და შვილები. ეს რომ გამიჯნული იქნება, ორივე მხრიდან რადიკალიზმისგან ყველა იქნება დაცული. სხვა შემთხვევაში მომავალზე ვერ ვისაუბრებთ პასუხისმგებლობით”,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

სლოვაკეთის პრეზიდენტი: სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება