შეუძლებელია არ სცოდნოდათ როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის სურვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები სწორედ იმისთვის დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე, რომ რეალურად არ მოუწიოთ მანდატების დათმობა.
„ჩემი მოლოდინი და აზრია, რომ არ არის გამორიცხული ისინი პირველსავე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, ეს 50 50-ზეა, თუმცა, საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას.“- განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივრებს, მათ შორის პრეზიდენტისას, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული უწოდა.
„ამ ბოლო დროს ჩვენ მათგან მივეჩვიეთ მოცემულობებს, რომ გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა, რომ არსებობს იმისი საფუძველი, რომ არ დაინიშნოს პირველი სხდომა. აბსოლუტურად გასულები არიან მომსახურების ზონიდან. ნორმა არ არსებობს, ჩანაწერი სადმე ან რეგლამენტში ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს. ანუ თუ ნორმა და სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს, რას აჩერებენ, როგორ აჩერებენ, საერთოდ რას ლაპარაკობენ. რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს.“- განაცხადა მდინარაძემ.