მამუკა მდინარაძე – ნინო ლომჯარიას გარედან განცხადებებისა და დავალებების მიღების იმედი აქვს, რომ ამან საზოგადოება როგორმე აღაშფოთოს – ევროპა და დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი

გარედან განცხადებებისა და დავალებების მიღების იმედი აქვს, რომ ამან როგორმე ქართული საზოგადოება აღაშფოთოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ აღნიშნა, რითაც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, როდესაც მმართველმა პარტიამ დამოუკიდებლად პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა, ისინი რუსული ინტერესების გამტარებლად მონათლეს.
მისი განცხადებითვე, ევროპელი მეგობრები საქართველოს არა უფროსები, არამედ პარტნიორები არიან.
„საინტერესოა, ლომჯარიამ თავად დაასახელოს ვის ესაუბრებოდა და თუ კომენტარს არ აკეთებს, ე.ი. ინფორმაცია რეალურია. რადგან, ინფორმაცია რეალურია, ე.ი. ისიც რეალურია, რომ მხოლოდ გარედან დავალებების მიღებისა და განცხადებების იმედი აქვს, რომ ამან ქართული საზოგადოება რამენაირად აღაშფოთოს. სწორედ, ამას ვამბობდით, რომ ერთ-ერთმა ელჩმა „დასტარტა“, პირველად მან დაუძახა რუსული კანონი – ამერიკულს. ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული კანონი დაუძახა. გარეთ, იმ ხალხს თავი უნდა დავანებოთ, გარეთ იმ ხალხს უნდა ვემეგობროთ, ევროპა და დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი. უნდა შევიგნოთ, რომ ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ყველაფერი რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული რუსული კი არ არის, არამედ, ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარეობს. როდესაც, მათ რამე გაუჭირდებათ და სადღაც გარეთ რეკავენ, ეს მონური საბჭოთა სტილის დამოკიდებულებაა. მათ მონური დამოკიდებულება აქვთ ხალხნო, როგორც კი რაიმე პოლიტიკურად გაუჭირდებათ სადღაც რეკავენ – დაგვილაგეთ რაღაც, თორემ აქ დავიღუპებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმითვე, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საზოგადოების ინტერესების გატარებაა.
„ჩვენი დამოკიდებულება კი ასეთია – ჯერ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება და აზრი, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები, ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები, მაგრამ არავინ არის ჩვენი უფროსი. საქართველოს არ ჰყავს უფროსი. საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, და ამ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები რუსულს ეძახიან. ყველაფერი დაკავშირებული დამოუკიდებლობასთან, როგორც კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველასგან დამოუკიდებელი, ღირსეული და ამაყი მეგობარი იყოს დასავლელი პარტნიორების, მაშინვე ხელისუფლებას რუსული დაუძახეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გუშინ გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია ამბობს, გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს სურს, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპიდან იღებს.
„როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან – არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის“, – აღნიშნავს ლომჯარია.