გამორიცხული მგონია, იმიტომ, რომ მე რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამისი, პირდაპირ გეუბნებით, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეეხება თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ამნისტია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამნისტიაზე და პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე მუშაობა მთავრობასთან კოორდინაციით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნოდ ხმების მოპოვებასთან.
„ამ ამნისტიაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ მთავრობასთან კოორდინაციით. უშუალოდ ვინ წერსო ამაზეც იყო საუბარი და მუშაობს არჩილ გორდულაძე, რომელიც არის ჩემი პირველი მოადგილე და რატი იონათამიშვილი, რომელიც არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ორი ადამიანი მუშაობს უშუალოდ მთავრობასთან კოორდინაციით, უწყებებთან კოორდინაციით და გავდივართ ყველა დეტალს. დაინიცირდება 10 რიცხვში და ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ახლა უნდა დაიკარგოს თქვენი ეთერებიდან, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, სამწუხაროდ.
საარჩევნო ხმებს რაც შეეხება, ამაზე დიდი ხანია მიდის მუშაობა და დიდი ხანია ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, რომ ევროპულ სტანდარტს უნდა მიუახლოვდეს პატიმრების რაოდენობა. როგორც ირაკლი კობახიძემ, მეც და რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ განაცხადა, ჩვენ, საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ მიზნამდე, რომ ევროპული სტანდარტი რაოდენობის მიხედვითაც კი იყოს. შესაბამისად, ჩვენ პირველ ნაბიჯს ვაანონსებდით და ამას ვაკეთებთ ახლა, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს იმგვარად, რომ შემდეგი ღონისძიებებით, უწყებებთან, სამართალდამცველებთან კოორდინაციით, შევძლოთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 1/3-ით შევამციროთ პატიმრების რაოდენობა. საბოლოო მიზანი ეს არის და ამას ამნისტიით ვიწყებთ. ამნისტიის გარეშე ეს არ გამოვა. ჩვენ საკითხს გავდივართ მუხლების მიხედვით, მათი სიმძიმის თუ სიმსუბუქის მიხედვით.“- განაცხადა მდინარაძემ.