„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
მამუკა მდინარაძემ ილია ჭავჭავაძის ანდერძად დატოვებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, მხოლოდ ამ ღირსებით შეიძლება მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.
„მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში. ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები, ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.