ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, 25 ნოემბერს.
მდინარაძის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას გააგრძელებს.
„უკვე იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ეროვნულ-დამოუკიდებელ ქმედებებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო – მაშინ 2%-ი იყო გაყალბებული მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათასზე მეტით. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს შეყოლა, ამიტომ არის ის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე ირონიის გარეშე ვერ ვსაუბრობთ. რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, გაივლის თუ არა ოპოზიცია ყველა პროცედურას მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მდინარაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს.
მდინარაძის შეფასებით, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგნებულად დაწერეს მაშინ, როდესაც დაწერილი განცხადდები არ იყო იურიდიული ძალის მქონე.
„ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი – ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის. რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა ნათელაშვილი თავის დროზე, იმ „ტრიუკებზე“ დაიწყო მიმართვა და თქვა, რომ არა მანდატები შეიძლება არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთო. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა – მანდატებს არ თმობდა. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასეთი რამ გააკეთეს: შეგნებულად იცოდნენ, რომ იმ დროს დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდგომ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. თუ არ იციან ვასწავლით. როგორც კი ექნებათ უფლებამოსილების ცნობა, მაშინვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ, არ აანონსებენ, რადგან მანდატებს ვერ ელევიან და თვითონაც იციან რა სისულელეს აპროტესტებენ – 300 ათასი ხმის გაყალბებას“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“ – გადატრიალებისკენ მოწოდება უწოდა.
„ეს არის გადატრიალებისკენ მოწოდება, მშვენიერ ნომერშია სააკაშვილი, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.