მამუკა მდინარაძე – თუ აღმოჩნდება, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის ხელი არ გაურტყამს, აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ არ მგონია, რაიმე ტყუილი მეთქვას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მზადაა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბოდიში მოუხადოს იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მას პოლიციელისთვის ხელი არ გაურტყამს.
ამით გამოეხმაურა განცხადებას, რომ მზია ამაღლობელი მის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ეს [ამაღლობელის ქმედება] იყო განზრახული მოქმედება პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით.
„რომელი ცილისმწამებელი განცხადების? განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ხელი გაარტყა პოლიციელს. მაგალითად, თუ აღმოჩნდება, რომ ხელი არ გაურტყია პოლიციელისთვის, აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს. თუ ჩემი რომელიმე ფრაზა ტყუილი აღმოჩნდება, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არ მგონია, რაიმე ტყუილი მეთქვას, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იყო განზრახული მოქმედება პოლიციელის მიმართ, მისი დისკრედიტაციის მიზნით. პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ, რომ კონკრეტულად, პოლიციის უფროსს ხელი გაარტყა. ღრმად დარწმუნებული ვარ ახლაც, რომ ეს განზრახ მოქმედება იყო. თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციის უფროსი არ იყო ეს ადამიანი ან მზია ამაღლობელი არ იყო, ან ხელი არ გაურტყია, აუცილებლად მოვიხდი ბოდიშს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელი სხვისი დავალებით მოქმედებდა.
„ასეთი განცდა მაქვს ახლაც. როგორც სხვა მათი ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, არა მხოლოდ მზია ამაღლობელი, სამწუხაროდ, ყველა სხვა დანარჩენი ადამიანიც დავალებით მოქმედებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წარმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. განცდებზეც ვსაუბრობ, ფაქტებზეც და აღქმებზეც. კონკრეტული ინფორმაცია ზოგადად, ამ ჯგუფებზე გვაქვს. ფაქტია, რომ მზია ამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობდა საერთო ჯამში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პოლიციის უფროსს ხელი დაარტყა. სხვა დანარჩენი არის შეფასების აღქმის, განცდის და ემოციის საკითხი“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, მზია ამაღლობელი არის სავარაუდო დამნაშავე, რაც საბოლოოდ, განაჩენით დადასტურდება.
„მგონია, რომ ის არის სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც საბოლოოდ, განაჩენი იტყვის, ეს არის ჩემი აღქმა. ფაქტია, რომ მან ხელი დაარტყა პოლიციელს“,- აღნიშნა მდინარაძემ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პრემიერ-მინისტრ ს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ხალხის ძალის“ დეპუტატ სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის.
საუბარია პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედიასაშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.
სარჩელის ავტორების განცხადებით, სარჩელით მოთხოვნილია გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.