მამუკა მდინარაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე – უკადრებელი იკადრა – საქართველოდან ურეკავდნენ თვეებით ადრე, მაგრამ როდესაც ფეხებზე იკიდებს, უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას სერიოზულად არავინ შეხედავს

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზურაბ პოლოლიკაშვილმა „უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა“.
მდინარაძის განმარტებით, „ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს“.
„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. როცა აქეთ-იქით რეკავ და ცდილობ, ათასი ახლობელი გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით – მდინარაძესთან, სთან, კალაძესთან და ა.შ. და იხვეწები, იქნებ რამენაირად გადაწყვეტილება შევცვალოთ და როდესაც დარწმუნდები, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ასეთ რაღაცას კადრულობ – მის პიროვნულ თვისებებზე, იმაზე თუ ვინ ვინ არის და რას იმსახურებს, ალბათ, აქედან უნდა ვიმსჯელოთ.
მან უკადრებელი იკადრა, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს აღარ წარმოადგენს. თავის დროზე კონსულტაციები იყო გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კომპრომისების და კონსენსუსების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ თავის დროზე იყო პარტნიორთა გარკვეული კონსულტაციები და მათი რჩევები… ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლესს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველები არიან ხოლმე (ეს ბუნებრივია ყველას გვიხარია), მაგრამ ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, ის წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა გული რომ წყდება – პრემიერ-მინისტრს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში, მისი როლი, სტატუსი, ჩართულობა და ამ დროს იქით არის სახვეწარი, მაშინ უნდა მიხვდეს. წითელი ხაზია, რომ საქართველოდან ურეკავდნენ თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, თავმოყვარეობის დაცემას, არავინ სერიოზულად არ შეხედავს, ისე შეაფასებს, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამიტომ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს. აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები, იმ ჩვენ ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდოდათ. მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის უკადრებელს კადრულობს“, – განაცხადა მდინარაძემ.