როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმ ფაქტს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ოპოზიციური პარტიები არ ერთვებიან.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი.
„ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, თუმცა, როდესაც ისინი ან ან ვერ ერთვებიან ამ დისკუსიაში, როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების, ეს არის მარტივი გადაწყვეტა. თუ ეს ვერსია არასწორია, ჩაერთონ და მერე შეუძლიათ მოუწიოთ კიდეც მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის უალტერნატივო პროექტი. როგორ არ „აშავებენ“ ამ პროექტსაც, რას არ ცდილობენ და რას არ კადრულობენ, ცდილობენ, თან გაერიდონ, თან „გააშავონ“, თან სხვა სახელები დაარქვან ამ კონსტიტუციურ კანონსაც და კონსტიტუციაში ცვლილებასაც, მაგრამ რეალურად, ეს არის ცვლილება, რომელიც თანამედროვე ფსევდოლიბერალური ტრენდების დამკვიდრების წინააღმდეგ, არის ოჯახური ღირებულებების დაცვის და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი. შესაბამისად, ეს არის ქართული იდენტობის ტრადიციების ნაწილი“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, ცდილობენ, რომ ეს საკითხი ჰომოფობიასთან დააკავშირონ, რაც არასწორია.
„რეალურად, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მიჯნავს ერთმანეთისგან უფლებებს. ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ არცერთი განსხვავების მიუხედავად, არ შეიძლება ვინმეს არათუ ჩაგვრა, არამედ მათ უფლებებში არასწორი ჩარევა. მეორე მხრივ, არატრადიციული წესის პროპაგანდა არის ის მავნებლობა, რისგანაც ჩვენი მომავალი თაობები უნდა დავიცვათ“,-განაცხადა მდინარაძემ.