“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
“ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ და თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…
პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკვლისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ facebook- ში.
ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
