არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ , – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, მამუკა კომახიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
მისი განმარტებით, შსს მას ედავება 2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” გამართულ აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.
კომახიას განმარტებით, საქმეში მის წინააღმდეგ არსებული შსს-მტკიცებულება არ არის გამყარებული ფაქტებით და არ წარმოადგენს რეალურ მტკიცებულებას.
“შსს მედავება, რომ რამდენიმე მუხლის დავარღვიე. მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ლანძღვა-გინება და მსგავსი შინაარსის ბრალდებები. დღეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხდა და ალბათ, საბოლოო დასკვნას გამოიტანენ 4 მარტს. არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. ეს არ არის ჩემი პირველი აქცია და მარში, რომელშიც ვმონაწილეობ. ისე, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ვარ ამ პროტესტის მონაწილე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ მიმართ წარდგენილ ბრალში იოტისოდენაც არ ვფიქრობ, რომ ვარ დამნაშავე, მიჭირს ამ სიტყვის თქმა”, – განაცხადა მამუკა კომახიამ.
