მამის ცნობით, ქარელის რაიონში ოკუპანტებმა 4 ბავშვი გაიტაცეს

საქართველოს მოქალაქის, ბესო სიდამონიძის ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 4 ბავშვი გაიტაცეს.
საუბარია დაახლოებით 10 წლის ბავშვებზე.
მამის თქმით, ბავშვები თამაშობდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ გარდა ადგილზე იმყოფებოდა კიდევ 2 ბავშვი, რომლებმაც გამოქცევა მოახერხეს.
“როგორ იქნებიან? როგორ დაბრუნდებიან? ფსიქოლოგიურად როგორ იქნებიან ეს ბავშვები? მოგვხედეთ გთხოვთ”, – ამბობს ბესო სიდამონიძე, ერთ-ერთი გატაცებულის მამა და დახმარებას სთხოვს ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება.
ნეტგაზეთი ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა შესაბამისი უწყება, სუს-ის პრესსამსახურში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ.