მამინაცვალი არასრულწლოვანს 3 წელი აუპატიურებდა – “კურიერი P.S.”-მა მძიმე დანაშაულის შესახებ დეტალები მოიპოვა

ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ტრეფიკინგის 2 მსხვერპლიდან, ერთ-ერთი შშმ პირია. 11 წლის გოგოს, 40 წლამდე მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა და თან ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის ორივე ფორმის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს და ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის წარუდგინეს, რომ ქმარს შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა.
ინტერვიუ მსხვერპლი ბავშვის დედასთან “კურიერი P.S-მა” რამდენიმე თვის წინ ჩაწერა, მაშინ, როდესაც მისი ქმარი, შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მალევე მოძალადეს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დედა ამბობდა, რომ მოზარდის არ სჯეროდა, თუმცა 3-წლიანი გაუპატიურების ფაქტები გამოძიებამ და ექსპერტიზებმა დაადასტურა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კაცი წლების განმავლობაში შშმ ბავშვს ქუჩაში გასვლას აიძულებდა და შეგროვებულ თანხას მეუღლესთან ერთად იყოფდა. ბავშვის ჩვენებით ირკვევა, რომ დედამ ყველაფერი იცოდა. “კურიერი P.S”-მა არასრულწლოვნის ჩვენების შინაარსი გაარკვია, სადაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაზე და ტრეფიკინგზე საუბრობს:
“დედაჩემის ქმარი ჩემზე სექსუალურად ძალადობდა. ეს ბევრჯერ მოხდა. მაუპატიურებდა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. გავყავდი ქუჩაში, მოწყალების სათხოვნელად, ვეუბნებოდი, არ მინდა, თამაში მინდა, თავი დამანებე თქო. მან ხალხმრავალ ადგილზე წამიყვანა პლაკატით, “გთხოვთ, დამეხმარეთ, წამლები უნდა ვუყიდო”, ამ პლაკატით გაჩერებებზე და შუქნიშნებზე დამატარებდა, რომ ფული მეშოვა. მეუბნებოდა, შენ უფრო მეტს მოგცემენ, შშმ პირი და არასრულწლოვანი ხარო. თუ არ გავყვებოდი, ალბათ მეჩხუბებოდა და სახლიდან გამაგდებდა. დედამ ეს იცოდა, მეუბნებოდა წაყევიო. შეგროვებულ თანხას დედა და მამინაცვალი ინაწილებდნენ”, – იხსენებს არასრულწლოვანი.
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ძმასთან ერთად, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეესწრო, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ბავშვებთან ფსიქოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. არასრულწლოვნების ინტერესებს ორგანიზაცია “პიეიჩარი” იცავს.
დაკავებულ დედას, სავარაუდოდ, ბრალს ტრეფიკინგის მუხლითაც უახლოეს მომავალში დაუმძიმებენ. მის ადვოკატს ეს მოლოდინი არ აქვს.
მიმდინარე კვირაში საკუთარი შვილით ვაჭრობაში კიდევ ერთი დედა ამხილეს. ამ შემთხვევაში მსხვერპლი 17 წლის გოგოა. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდს დედა ნივთების გაყიდვას და მოწყალების თხოვნას რამდენიმე თვე აიძულებდა. უმძიმესი ბრალდებით 34 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. “კურიერი P.S-მა” გაარკვია, რომ დანაშაულის ლოკაცია ვაკეშია. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის 2 მეგობარი, რომლებსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა.
გამოძიება კი, საპირისპიროს ამტკიცებს, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც, სადაც დანაშაულის სავარაუდო ფაქტებია ასახული.
გასული წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტრეფიკინგის 9 შემთხვევა დარეგისტრირდა. სექსუალური ძალადობის მსგავსად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვები ძირითადად ახლო გარემოცვისგან, მათ შორის ოჯახის წევრებისგან ხდებიან. ორგანიზაცია “პიეიჩარი”, რომელიც მსხვერპლი არასრულწლოვნების ინტერესებს იცავს, მთავარ რეკომენდაციად ბავშვების ინფორმირებას ასახელებს.
მოძალადე მამინაცვალს “კურიერი P.S”-ის ინფორმაციით, საპატიმროში ტრეფიკინგის ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში გააცნობენ. უახლოეს მომავალში დაიწყება 17 წლის შვილით ვაჭრობაში ბრალდებული 34 წლის ქალის საქმის განხილვაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: გიორგი გუჯაბიძე