ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
- მისი განმარტებით, პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო და ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს.
„ანდერძთან დაკავშირებით კანონიკური წესი არის ყოველთვის ასეთი, რომ თუკი პატრიარქი თავის სიცოცხლეში არ დაასახელებს თავის მოსაყდრეს, მაშინ ის წერს ანდერძს. იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქმა, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძალიან ბრძენმა მწყემსმთავარმა, თავის სიცოცხლეშივე, იმისთვის, რომ შემდგომ ამას არ გამოეწვია რაიმე დაპირისპირება, უკმაყოფილება, გადაწყვიტა, რომ დაედგინა მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება ბუნებრივია, აღარ არსებობს. როცა პიროვნება თავის სიცოცხლეშივე თავის მოსაყდრეს ადგენს, იქ უკვე ანდერძის საჭიროება არ არის. ამიტომ, არავითარი ასეთი ანდერძი აღარ არსებობს. რაც შეეხება მოსაყდრესთან დაკავშირებით წესს, თუკი პატრიარქს სიცოცხლეში არ ჰყავს დასახელებული თავისი მოსაყდრე და არც ანდერძი არსებობს, მაშინ ქიროტონიით, ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს ხელდასმას, უპირატესი, ვინც პირველია მღვდელმთავართა შორის, წმინდა სინოდის წევრებს შორის, ვინც პირველმა მიიღო ხელდასმა, ის ჩაითვლება მოსაყდრედ. დღეს უკვე კითხვა აღარ არსებობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალიან მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, პატრიარქმა თავის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო და ამასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებს და ჩვენს საზოგადოებაში არავითარი კითხვა არ არსებობს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „არსებობს თუ არა ანდერძი ფიზიკური ფორმით“, მამა გიორგი ზვიადაძემ უპასუხა, რომ არ არსებობს.
„მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს. პატრიარქმა მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა უდიდესი ავტორიტეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა წერილობითაც და სიტყვიერადაც, რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ანდერძი არ არსებობს. წმინდა სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა. სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდნენ. ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს და ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მან მედიას სთხოვა, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის გლოვის დღეები არ დასრულებულა, ჯერ თავი შეიკაონ იმაზე კითხვის დასმისგან, ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი.
„40 აუცილებლად უნდა გავიდეს. ეს ყველაზე უფრო მეტად რთული პერიოდია, როცა მთელი ეკლესია, საზოგადოება ღრმა ტკივილით განიცდის პატრიარქის გარდაცვალებას. ახლა საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, არის ძალიან უხერხული და მთელი ჩვენი ეკლესიისთვის დიდი ტკივილის მომტანი“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ შეიცვლება პატრიარქის არჩევის წესი, მამა გიორგი ზვიადაძემ განმარტა, რომ ვერ შეიცვლება.
“ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვის, უნდა დაინიშნოს სინოდის სხდომა. ეს არის გაფართოებული კრება, სადაც მოხდება გამორჩევა. ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მან არ გამორიცხა ის, რომ 40 დღის გასვლამდეც შეიკრიბოს წმინდა სინოდი.
“შესაძლებელია ეს გადაწყვეტილებაც იქნეს მიღებული. მხოლოდ ეს არ არის აუცილებლობიდან გამომდინარე, შეიძლება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მღვდელმთავრები შეიკრიბონ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.




