მალე სომხეთმა შესაძლოა აზერბაიჯანში ექსპორტი დაიწყოს საქართველოს გავლით – ეკონომიკის მინისტრი

სომხეთის ეკონომინის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის იმპორტის შემდეგ, შესაძლოა, ახლო მომავალში სომხეთიდან აზერბაიჯანში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი დაიწყოს.
ამ საკითხზე გევორგ პაპოიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დღეს, 28 დეკემბერს, გარნის ტაძარში საკვირაო წირვაზე ნიკოლ ფაშინიანთან ერთად დასწრების შემდეგ.
იქვე დაადასტურა, რომ საქართველოს რკინიგზისგან სომხეთმა „საკმაოდ კონკურენტული“ შეთავაზება მიიღო აზერბაიჯანული საწვავის ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით.
„შესაძლებელია არა მხოლოდ იმპორტი [აზერბაიჯანიდან], არამედ ექსპორტიც. ამ ეტაპზე, საკმაოდ კონკურენტული ფასი [ტრანზიტის ტარიფი] მივიღეთ საქართველოს რკინიგზისგან. შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობაა“, – განაცხადა მან.
მან ასევე ივარაუდა, რომ „ქართული და აზერბაიჯანული მხარეები კიდევ ერთი წარმატებული გარიგების შესახებ გამოაცხადებენ“.
მინისტრმა პაპოიანმა ასევე ჩამოთვალა ის პროდუქცია, რაც სომხეთიდან აზერბაიჯანში შეიძლება გაყიდონ: „ალუმინი, ალუმინის ფოლგა, ფერომოლიბდენი, ხილი და ბოსტნეული, გარკვეული სახის სასმელები და სხვადასხვა სახის ტექსტილი“.
ორი დღით ადრე, 26 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია.
მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო.
„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, – თქვა მან და განაგრძო:
„მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე“.
აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბაირამოვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა საქართველოს რკინიგზასთან.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯერჯერობით საჯაროდ არ დასახელებულა ტარიფის ის განაკვეთი, რაზეც მხარეები მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
ფორუმი