მალე, ბაზარზე მეორადი ბილეთების პლატფორმა TicTic გამოჩნდება

მეორადი ბილეთების ვებპლატფორმა TicTic დაახლოებით ორ-სამ კვირაში ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ ს დამფუძნებელმა, დავით შონიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ TicTic-მა სულ ცოტა ხნის წინ GITA-ს საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 25000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.
შონიას ინფორმაციით, პროექტის მიზანი ღონისძიებების მეორადი ბილეთებით ვაჭრობისთვის ორგანიზებული, მარტივად გამოყენებადი და სანდო პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების რისკებს შეამცირებდა და მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, რომ მარტივად და სანდოდ შეეძინა ან მოეძიებინა სასურველი ბილეთები.
„სოციალურ ქსელებში მომხმარებლები სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთებს, ე.წ. მეორად ბილეთებს ყიდიან. თუმცა, ხშირია თაღლითობის შემთხვევები. შესაბამისად, გვინდოდა ისეთი პლატფორმა შეგვექმნა, რომელიც ამ ფაქტებს მაქსიმალურად შეამცირებდა და ადამიანებს შეეძლებოდათ ბილეთის შეძენა სანდო არხის საშუალებით.
იმისათვის, რომ სუბიექტმა ბილეთი გაყიდოს, პლატფორმაზე რამდენიმე საფეხურიანი ვერიფიკაციის გავლა მოუწევს. მართალია, თაღლითობის ფაქტები შეიძლება სრულად ვერ აღმოვფხვრათ, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ასეთი ფაქტები მაქსიმალურად შევამციროთ და ერთეულ შემთხვევებამდე დავიყვანოთ.
პირველ ეტაპზე, პლატფორმა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იფუნქციონირებს, თუმცა წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ საზღვრებს გარეთ, რეგიონის ქვეყნებშიც გავალთ.
პლატფორმის შესაქმნელად დაახლოებით 15000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ახლა, დამატებით 25000 ლარის გრანტის მოვიპოვეთ, რომელსაც მარკეტინგულ აქტივობებსა და პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალების დამატებაში გამოვიყენებთ. ახალი ფუნქციონალები რეალიზატორს ციფრული პროდუქციის გაყიდვაში და მის სწორად წარმოჩენაში დაეხმარება, ხოლო მომხმარებელს დაეხმარება, რომ ადვილად მოძებნოს და შეადაროს სხვა ვარიანტებს“,- აცხადებს შონია.
მისივე განმარტებით, ამჟამად პლატფორმის შიდა ტესტირება მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს ამ ეტაპზე ვებგვერდზე წვდომა არ აქვთ, რის შემდეგაც რამდენიმე კვირაში უკვე ღია წვდომაში გაეშვება და შესაძლებელი იქნება პლატფორმით სარგებლობა.
კომპანიაში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, კომპანია გარე სერვისების მომწოდებელ კომპანიებთანაც თანამშრომლობს.

ასევე დაგაინტერესებთ