მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებელ საქმეს The Times ვრცელ სტატიას უძღვნის

ბრიტანული გავლენიანი გამოცემა The Times “ტვ პირველის” “შაბათის ეთერის” ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძესა და ტელეოპერატორზე, გიორგი შეწირულზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, მაკა ჩიხლაძეს ნიღბიანი პირები ზურგიდან მიეპარნენ და მიწაზე დააგდეს. თავდასხმა კი მას შემდეგ მოხდა, როდესაც “ტვ პირველმა” გამოაქვეყნა რეპორტაჟი სპეცრაზმის მეთაურების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევაში მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება მასთან მომუშავე ოპერატორს, The Times წერს, რომ ნიღბიანმა პირებმა გიორგი შეწირული მიწაზე დააგდეს და სხეულის სხვადასხვა არეში წიხლებს გამეტებით ურტყამდნენ.

გიორგი შეწირული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეოში, სადაც ანგარიშსწორებაა ასახული, შავებში ჩაცმული მამაკაცთა ჯგუფი ჩანს. მიუხედავად “ტვ პირველის” განცხადებისა, რომ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეთა იდენტიფიცირება მოახდინეს, ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ”, – წერია სტატიაში. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია.