კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ეს კითხვები არ დაგვიმალავს. ასევე, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდება ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, როდესაც საქმე ეხება ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩის საქმიანობას საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია გერმანიის სახელმწიფოსთან ურთიერთობები, და ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას და აზიანებს მათ, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პასუხები, რაც მოვისმინეთ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, არც სრულყოფილია და არც დამაკმაყოფილებელი.
„კითხვები არსებობს, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ გერმანულ საზოგადოებაშიც, და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კითხვებზე რეალურად პასუხები გაუცემელი რჩება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია ის საქმიანობა გერმანიის საზოგადოებისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 
				 
								
 
								

