პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ რაზეც საქართველოს ხელისუფლებას სურდა აქცენტის გაკეთება – მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, ევროპული ქვეყნებისთვისაც აქტუალურია.
ბოჭორიშვილის თქმით, ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, „რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე”.
„ის, რაც საფრანგეთში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური გავლენები გამოწვევაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც გავლენების საკითხი განიხილება. ევროკომისიაც მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. რასაც ვსაუბრობდით და რაზეც გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცენტი – მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც. იცით, საქართველოში როგორი განვითარება ჰქონდა ამ საკითხს, სპეკულაცია მოხდა ამ თემით და „რუსული კანონით”, რაც აბსოლუტურად არარელევანტური იყო. საკითხი არის მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნებისთვის და ამაზე მსჯელობენ.
ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები და ჩარევა და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ჩვენ, შეიძლება ითქვას, ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მიეცა ამ საკითხს”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, – ინფორმაციას გამოცემა Lemonde ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტს, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ წარადგინა, მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა.