ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებასა და ურთიერთობაზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
„მნიშვნელოვანია, ჩვენს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით იყოს განვითარებული და უფრო მაღალ ეტაპზე აყვანილი. განსაკუთრებით ვაფასებთ იმ წვლილს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის პროცესში. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების და ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის კუთხით”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა და შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
„ამერიკას სურს იხილოს ევროკავშირის წევრი საქართველო. ჩვენი სურვილია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ პროცესში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და თავმჯდომარე უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მუშაობას ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
„მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმასა და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
ელჩთან შეხვედრისას ასევე, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.