მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ყულევში პირველი რუსული ნავთობი მიიღო

მაკა ასათიანის ოჯახთან დაკავშირებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ყულევში პირველი რუსული ნავთობი მიიღო – ამ საკითხზე ვრცელ სტატიას გამოცემა Reuters აქვეყნებს
რუსულმა კომპანიამ “რუსნეფტმა” მიმდინარე თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა – როგორც Reuters წერს, ამის შესახებ მოწმობს LSEG-ის გემების მონიტორინგის მონაცემები და ინდუსტრიის წყაროები. LSEG-ის მონაცემებისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა Kayseri-მ 6 ოქტომბერს ყულევის ნავთობტერმინალს 105,340 მეტრიკული ტონა Siberian Light-ის ტიპის ნავთობი რუსული შავი ზღვის პორტიდან – ნოვოროსისკიდან – ჩაუტანა. “რუსნეფტმა” Reuters-სთან კომენტარი არ გააკეთა.
“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან შეწყვეტილია. თუმცა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში თბილისმა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გააღრმავა, მაშინ როდესაც დასავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ცდილობს ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც დასავლეთის მიერ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
საქართველოსთვის კი ეს ქარხანა წარმოადგენს პირველ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომლის ამოქმედების მიზანია საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ქვეყანა საწვავის ძირითადად რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან აწვდიდა.
ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება ამ თვეში დაიწყო და საწყის ეტაპზე მისი გადამუშავების წლიური მოცულობა დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს, რაც დღეში დაახლოებით 24,000 ბარელს უდრის. გეგმის მიხედვით, საწარმოს სიმძლავრე 2028 წლისთვის 4 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს, რათა საწვავი როგორც ექსპორტისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის უზრუნველყოს.” – წერს Reuters.
პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს. ქარხნის მშენებლობისთვის საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო, ბანკებმა “ქართუმ”, “ხალიკბანკმა” და “ბაზისბანკმა” კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს.
შპს ბლექ სი პეტროლიუმის დამფუძნებელი მაკა ასათიანია. ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილია, თავმჯდომარის მოადგილე ააიპ საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის თავმჯდომარე ვახტანგ ჩახნაშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კი მაკა ასათიანის ქმარი, ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია