„პორტფელის მომგებიანობაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს“ – როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ განაცხადა, მიმდინარე წლის მაისი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა საინვესტიციო პორტფელისთვის.
„2025 წლის მაისი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა საინვესტიციო პორტფელისთვის. როგორც იცით, ჩვენ ვმართავთ სამი განსხვავებული ტიპის პორტფელს: კონსერვატიულს, დაბალანსებულს და დინამიკურს. მაისში დინამიკური ყველაზე მომგებიანი იყო და ამ თვის ამონაგებმა 2.4% შეადგინა. აქტივები საკმაოდ კარგი ტემპით იზრდება. მაისის ბოლოს მდგომარეობით აქტივებმა 6.9 მლრდ-ს მიაღწია, მათ შორის ჩვენი მოგება 1.7 მლრდ ლარია“, – განაცხადა მან.
ანა ნაჭყებიას თქმით, პორტფელის მომგებიანობაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.
„კონსერვატიული პორტფელის 80% ძირითადად საქართველოში არის ინვესტირებული, ესენია დეპოზიტები, სახაზინო ობლიგაციები, ხოლო საერთაშორისო აქციები მხოლოდ 20%-ია. დინამიკური პორტფელის დაახლოებით 50% არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში, 50% კი საქართველოში. მომგებიანობაზე ეს აქტივები ახდენენ გავლენას.
ჩვენ ინვესტიციები გვაქვს ამერიკაში, ასევე დივერსიფიცირებულად გვაქვს ევროპასა და განვითარებულ აზიაში და იმ მერყეობის დროს, როდესაც ამერიკაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, გაიზარდა ევროპული აქციები, რაც ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდა“, – აცხადებს ის.
მისი თქმით, საინვესტიციო პორტფელის გეოგრაფიული გაფართოება მათი მიზანია.
„დინამიკური და დაბალანსებული პორტფელები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ ახალი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტებში განვახორციელოთ ინვესტიციები. დაინტერესებული ვართ მსხვილი პროექტებით, რადგან მსოფლიოს წამყვანი საპენსიო ფონდებიც სწორედ მსგავს პროექტებში ახორციელებენ ინვესტირებას, რადგან საპენსიო ფონდებს გვაქვს გრძელვადიანი რესურსი და შესაბამისად, გვაქვს უნარი, რომ გარკვეული რისკები ჩვენს თავზე ავიღოთ“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
რაც შეეხება ამონაგებს, ნაჭყებიას თქმით ფონდს აქვს სტრატეგია, რომელსაც მიყვება და ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ინფლაციის გათვალისწინებით ამონაგების მაქსიმიზაციას.
„2019 წლიდან ნომინალური ამონაგები არის 10%, რეალური ამონაგები ბოლო 4 წლის მონაცემებით დაახლოებით 4% იყო. თუმცა ბოლო 2 წელია ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. მოლოდინი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ მაღალმომგებიანობას იმ პორტფელზე, რომელსაც ირჩევთ. კონსერვატიული პორტფელი შედარებით სტაბილური იქნება, ამონაგებიც უფრო ნაკლები იქნება. დინამიკურში ამონაგები შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, თუმცა ეს იქნება მერყეობასთაბნ დაკავშირებული“ – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის. საპენსიო კანონის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.
www.bpn.ge
