“მაინცდამაინც იქ მიიტანეთ, სადაც ავადმყოფი კაცი მივიყვანე” – ალექსი პეტრიაშვილი ისევ 5000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკოსი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ისევ 5000 ლარით დააჯარიმეს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ამბობს, რომ პოლიცია 17 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება.
“17 თებერვალს, 23:11 საათზე იდექით რუსთაველის გამზირზეო. ვეუბნები, ორი საათის გადაკეტილი იყო გზა-მეთქი. არ აქვს ამას მნიშვნელობაო”, – ამბობს ის.
სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, პოლიციელებმა ოქმი იქ მიუტანეს, სადაც საავადმყოფოდან ახლადგამოყვანილი მამა მიიყვანა.
“მამაჩემი გამოვიყვანე დღეს საავადმყოფოდან! ხო იცოდით თქვე ნაძირლებო? ხო იცით ფაქტიური მისამართი? მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სადაც ავადმყოფი კაცი მივიყვანე! მთელი დღე ვმოძრაობდი! სადაც ვმუშაობ ეგეც იცით! მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სოლოლაკში! ნაბიჭვრები ხართ ყველა! თქვენ გგონიათ მაგით ან შემაშინებთ ან გამაჩერებთ?
თქვე არასწორებო! მამების და შვილების მარშის დღეს რო მეცით, მე არაფერი ვთქვი, მეთქი რა იცოდა ვიღაც დამჯარიმებელმა!..” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ალექსი პეტრიაშვილი 7 თებერვალსაც დააჯარიმეს 5 000 ლარით, 17 იანვარს, “მამებისა და შვილების მარშის” დროს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით.
86-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.