უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ნდობის გამყარების ერთ-ერთი ზომის სახით შეერთებული შტატები რუსეთის მხარესთან მართავს მოლაპარაკებებს რუსეთში ძალით წაყვანილი უკრაინელი ბავშვების ბედის შესახებ.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის ფარგლებში დაფინანსება შეუწყვიტა იელის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან ეწეოდა რუსეთის მიერ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების ძებნას.
კვირას CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უოლცმა თქვა, რომ ასეთი პროგრამებით დაკავებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რომ თავად მას არ შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება.
„მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ელაპარაკება ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს დაახლოებით 200 ადამიანი მაშინვე, [ტრამპის] მოწოდების შემდეგ. მან ასევე ილაპარაკა ამ ბავშვების მომავალზე. ასე რომ, ეს პირველ რიგში არის ნდობის გამყარებისკენ მიმართული ზომები. მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯით უნდა დავიხიოთ უკან. სულ რაღაც ერთი თვის წინ არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. და ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, როგორ იქნება ეს ერთი წლის, სამი წლის შემდეგ?“ – თქვა უოლცმა, რომელსაც არ აუხსნია, რას ნიშნავს „ნაბიჯი უკან“.
საუდის არაბეთში, ერ-რიადში კვირას აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ უოლცმა თქვა, რომ აშშ-ს პირველ რიგში იმედი აქვს, შეთანხმებას მიაღიოს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა რუსეთმა და უკრაინამ შეძლონ მარცვლეულითა და საწვავით ვაჭრობის ნორმალიზება.
აშშ-ის გეგმის თანახმად, ამის შემდეგ მხარეები განიხილავენ ფრონტის ხაზის გაყინვას იქ, სადაც ისინი ამ მომენტში იმყოფებიან და ეს, უოლცის თქმით, მშვიდობის მხარდაჭერის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება.
„ამის შემდეგ, ცხადია, უფრო ფართოდ განგვიხილავთ მყარი და მუდმივი მშვიდობის საკითხებს, იმას, რასაც უკრაინელები უსაფრთხოების გარანტიებს უწოდებენ,“ თქვა უოცმა CBS-ის ეთერში.
ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა შეხვედრის შესახებ სოცქსელებში დაწერა:
„საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო. განვიხილეთ საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.“ მას და არ დაუზუსტებია, იგეგმება თუ არა ახალი შეხვედრა ორშაბათს.
