„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს.
„დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების გაყალბებას. ბოლოს გავცივდი, დავკარგე ხმა, ჯანმრთელობა და ნერვებიც, რადგან აბსოლუტური მარაზმია ის, რასაც აქ „ოცნების“ მხარდამჭერებში ვხედავდი“- გვეუბნება მაია ფურცხვანიძე.
მისი თქმით, ტორონტოში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიმართეს საელჩოს, თუმცა მათი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
„ტორონტო არის დედაქალაქისგან მოშორებული, 5 საათის სავალი გზაა მანქანით ოტავამდე, რადგან ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ტორონტოში ვცხოვრობთ, ამ ქალაქში ვითხოვდით უბანს.
ბოლოს იძულებული გავხდით ჩავსულიყავით ოტავაში, ამან საგრძნობლად შეამცირა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. მაგალითად, ჩემი ოჯახიდან ყველა ვერ წავედით.
ამ არჩევნებზეც ვიყავი კომისიის წევრი და წინა არჩევნებისგან განსხვავებით რადიკალურად გაზრდილი იყო ადამიანების მონაწილეობა, რადგან ყველა თვლიდა, რომ ძალიან კრიტიკული არჩევნები იყო. თუ წინა არჩევნებზე 30 კაცი მივიდა, 2024 წელს 270 ადამიანი გვყავდა უბანზე.
„ოცნებამ“ სადღაც 30-მდე ხმა მიიღო, დანარჩენი წაიღო ოპოზიციამ.