კობახიძის ნათქვამი „ნული თანაგრძნობა იქნებაო“, უტოლდება სააკაშვილის გამონათქვამს ნულოვან ტოლერანტობაზე – მე მოვუწოდებ ირაკლის, რომ იყოს სწორედ რომ ტოლერანტი ახალგაზრდების და ჩვენი მომავალი თაობის მიმართ, რამეთუ ირაკლიც ასწავლის უნივერსიტეტში და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოვა „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ფარგლებიდან და დადგება როგორც ადამიანი, მოქალაქე და ლექტორი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულებთან დაკავშირებით.
მაია კოპალეიშვილის განმარტებით, ეს არ არის ის ფრაზეოლოგია, რომლითაც ქვეყნის პრემიერი უნდა საუბრობდეს. ამასთან, კოპალეიშვილის განმარტებით, მსგავსი განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მთლიანად მიტაცებულია სამართალდამცავი ორგანოები და მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იმოქმედონ სამართლებრივი ნორმების განმარტების შესაბამისად.
„თუკი სახელმწიფო არის სამართლებრივი და დემოკრატიული და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებას პრეტენზია აქვს, რომ ასეთები არიან, ასეთი რიტორიკით ისინი საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკებოდნენ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დააბალანსოს ქვეყანაში სამართლებრივი მდგომარეობა. “ნული თანაგრძნობა იქნებაო“ – ეს ნამდვილად არ არის ის ფრაზეოლოგია და ის ტერმინები, როგორც უნდა ისაუბროს და რა „ვორდინგითაც“ უნდა საუბრობდეს პრემიერ-მინისტრი. ეს, იმავდროულად, გულისხმობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მთლიანად მიტაცებულია სამართალდამცავი ორგანოები და მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იმოქმედონ სწორედ სამართლებრივი ნორმების განმარტების შესაბამისად. აქ პროპორციულ განმარტებას ვგულისხმობ, როდესაც დაბალანსებულია საჯარო ინტერესი და კერძო პირთა ინტერესი, მაშინ როდესაც პირი იყო გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და შესაძლოა, ემოციის ნიადაგზე გავიდა ამ ფარგლებიდან. მე შევახსენებ ბატონ კობახიძეს, რომ ისინი ხელისუფლებაში როდესაც მოვიდნენ, მუდმივად იმეორებდნენ, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ და ნულოვანი ტოლერანტობის ეს ფრაზა მათთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იყო მიუღებელი. ამ შემთხვევაში, კობახიძის ნათქვამი ნული თანაგრძნობა იქნებაო, უტოლდება სწორედ სააკაშვილის გამონათქვამს ნულოვან ტოლერანტობაზე – როგორი ფრაზით გამოხატავ, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსია მთავარი. მან, ფაქტობრივად, აღნიშნა, რომ ის იქნებოდა ნულოვანი ტოლერანტობის მატარებელი ამ პირების მიმართ. თანაც, როდესაც მაშინ ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდნენ, ეს იყო კრიმინალებისკენ მიმართული და ახლა საუბარია გულანთებულ ახალგაზრდებზე, გულანთებულ ადამიანებზე, რომლებიც ამდენი დღეა დგანან პროტესტზე, ითხოვენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ევროპულ განვითარებას, თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში, თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას. ისინი კრიმინალები არ არიან, იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. ამ ბრძოლის დროს თუკი მოხდა გადაჭარბება, აქ გჭირდება, შენ რომ ხელისუფალი ხარ, პროპორციულობის ტესტის გამოყენება. მე მოვუწოდებ ირაკლის, რომ იყოს სწორედ რომ ტოლერანტი ასეთი ახალგაზრდების და ჩვენი მომავალი თაობის მიმართ, რამეთუ ირაკლიც ასწავლის უნივერსიტეტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოვა „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ფარგლებიდან და დადგება როგორც ადამიანი, მოქალაქე, ლექტორი, რომელიც შედის სტუდენტებთან და რომელმაც იცის, რომ სტუდენტი და ახალგაზრდა შეიძლება იყოს გულანთებული და სწორედ ამ გულანთებულ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარება“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
