მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დავით გუნაშვილს სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე დავით გუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებულის მიმართ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
სიტყვით ისარგებლა დაკავებულმა.
„ეს ბრალდება თავიდან ბოლომდე ცრუა. მე ჩემი ცხოვრება მთლიანად მივუძღვენი ამ ქვეყანას. 23 წელი თავდაცვის სამინისტროს რიგებში ვირიცხებოდი და ვმსახურობდი ერთგულად. საჯარო მმართველობის სპეციალისტი ვარ და კანონმდებლობაში იმ რეფორმების ავტორი, რომელიც ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვიდრე დაამახინჯებდნენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყნის განვითრებას მივუძღვენი. ჩემი დამოკიდებულება სამართალდამცავი სისტემის მიმართ არის ამ ყველაფრიდან გამომდინარე. მე არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა პოლიციელებისათვის, არასდროს მომიწოდებია რომელიმე სხვა დემონსტრანტისთვის, რომ ეს გაეკეთებინა, როცა ვხედავდი გადამეტებულ სტრესს ან ემოციურ აღგზნებას აქციის მონაწილეებში. ყოველთვის ვცდილობდი მათ დამშვიდებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხშირად ჩემი დაკვირვებით, თავად პოლიციის მხრიდან არის ხოლმე პროვოცირებული. აქედან გამომდინარე, ახლა კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ბრძოლა უნდა გავაძლიერო და არ ვეთანხმები [-ს] არცერთ მოთხოვნას“, – განაცხადა გუნაშვილმა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.