„საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა…” – 21 წლის მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს, ბიძინა ჟამერაშვილს. წერილს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
მათე დევიძის საქმეზე ბიძინა ჟამერაშვილმა 7 თებერვალს სასამართლოს ჩვენება მისცა და მოყვა, როგორ დაარტყა დევიძემ ჯოხი და სად იგრძნო ტკივილი. მისი თქმით, მხრისა და ბეჭის არეში ჰქონდა სიწითლე და ჩალურჯება.
„პირადად რომ ვნახე, უბრალოდ ვკითხე, რატომ დამარტყი, უბრალოდ კითხვა მაქვს-მეთქი და შემეშინდაო. ვუთხარი, რომ არანაირი შემხებლობაში თქვენთან არ ვიყავით-მეთქი”, – განაცხადა ბიძინა ჟამერაშვილმა.
ჟამერაშვილმა ასევე თქვა „გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდა ბიჭია და ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა და გულწრფელად, ადამიანურად მეცოდება, რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს“.
მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის ჯოხის ჩარტყმას ედავებიან, რის გამოც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.